თუ ბავშვს არ ეცმევა ფორმა, მშობელს აღმზრდელობითი მექანიზმები ელის – მიქანაძე

1 hour ago 3

3

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც გააპროტესტებენ და ბავშვებს სასკოლო ფორმას მაინც არ ჩააცმევენ, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები.  თუმცა, არ აკონკრეტებს რა მექანიზმებზეა საუბარი და თავისივე დასმულ კითხვას, გამოაგდებენ, თუ არა, ბავშვს სკოლიდან ამის გამო – არ პასუხობს.

საზოგადოებაში არიან ადამიანები, თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი, რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: “მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში” – აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვის სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო.  აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეების სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს. 

ყველა მშობელმა  უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ სრულიად საზოგადოებასთან,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სრულად წაკითხვა