3
იურისტი საბა ბრაჭველი:
,,ძვირფასო საჯარო მოხელეებო,
ჩვენ ვამბობდით, რომ რუსული კანონით ოცნება საგარეო კურსს ცვლიდა. კურსის ცვლილება ახლა რეალობაა;
ჩვენ ვამბობდით, რომ რუსულ კანონს რიგით მოქალაქეებზეც გაავრცელებდნენ. გააკეთეს კიდეც;
ჩვენ ვამბობდით, რომ რუსულ კანონში სისხლის სანქციებსაც ჩაამატებდნენ. და ეს დააანონსეს დღეს.
ისინი ღიად აპირებენ, რომ დაიჭირონ, ან გააქციონ ყველა, ვისაც მთავრობის კრიტიკის რესურსი გააჩნია.
ამის მექანიზმია ცვლილებები საჯარო სამსახურის კანონში, რომლითაც მოხელეების გაყრა უკვე დაიწყო;
ამის მექანიზმია ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც 5-20 ათასი ლარით აჯარიმებს ‘აქციის წესების დარღვევას’;
ამის მექანიზმია პრევენციული დაკავების შემოღება, პატიმრობის ოთხმაგი, ჯარიმების – ოცმაგი ზრდა, მოძალადეების დაგეშვა და მზარდი განუკითხაობა.
ისინი კრძალავენ ყველანაირ ხმის ამოღებას. ამის შემდეგ გაქრება ოპოზიცია, მედია, თავისუფალი საზოგადოება და მოკლედ – ყველა, ვისაც ხელისუფლების კრიტიკა შეუძლია. არჩევნები უბრალო ფორმალობა იქნება.
აი ეს კი თქვენთვის ძალიან ცუდი ამბავია, რადგან ამის შემდეგ საჭირო აღარც თქვენ აღარ იქნებით.
ზედმეტი იქნებით ისინიც, ვინც მართლა აკეთებთ საქმეს (თქვენს ადგილს ნეპოტიზმი და გარიგებები ჩაანაცვლებს) და ისინიც, ვინც არჩევნების მოგებაში ეხმარებოდით პარტიას (რადგან ეს ‘პრობლემა’ უკვე აღარ იარსებებს).
როცა არჩევნები გაუქმებულია, ქვეყნის მიმტაცებელს ‘ზედმეტი ხალხის’ რჩენა აღარ სჭირდება. ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურის და ზესტაფონის მუშები არჩევნებიდან მეორე დღესვე სამსახურიდან გაყარა. თქვენ არჩევნების გაუქმებიდან მეორე დღესვე გამოგყრიან.
ამიტომ არის კონკურენცია, დემოკრატია და არჩევნები საჭირო და არა ცარიელი სიტყვების რახარუხი. როცა ქვეყანას ერთი პარტია აკონტროლებს, საჯარო სამსახური რუდიმენტად იქცევა. ავტორიტარიზმის შენარჩუნებას პოლიციის, სუსის და პარტიის რესურსებიც ეყოფა.
თუ გსურთ, რომ სამსახური შეინარჩუნოთ, ახლა უნდა იმოქმედოთ. ახლა ისევ არის შანსი. მერე ძალიან, ძალიან გვიან იქნება. აღარც გამოსწორების შანსი იარსებებს, არც ქვეყნიდან გაღწევის შესაძლებლობა და, პრინციპში, აღარც თქვენი შეცოდების რესურსი. არც შემცოდებელი.
ალტ-ინფოც კი მიხვდა ამდენს და ძალიან ბრაზობს.
ნუ იქნებით ალტ-ინფოზე სულელები.
ამოიღეთ ხმა, გამოდით გარეთ. თქვენი საკუთარი თავისთვის მაინც.“