“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

6 hours ago 2

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი” – ამის შესახებ ევროპის დღეზე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ქართულად განაცხადა.

“საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ, საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ, რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში. მესამე წელია მაქვს პატივი თქვენთან ერთად აღვნიშნო ევროპის დღე.

2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ, დღეს კი, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია – ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხის და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია.

როგორც ხედავთ, რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას. ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად. თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს, ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით.

გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო, წინ!” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სრულად წაკითხვა