3
ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა
„ის, რომ საინფორმაციო გამოშვება ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი – რა შუაშია აქ ცენზურა?!
ეს სტანდარტი საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმები გათვალისწინებული არ იყო. პარლამენტმა აღსრულების მექანიზმები დაწერა. შესაბამისი ორგანიზაციისადმი მიმართვა სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდება.
რა შუაშია ცენზურა?! ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება – პირიქით! იმისთვის, რომ მედიაში სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს, საჭიროა ობიექტურობის სტანდარტი იყო დაცული. კულტურის უზრუნველყოფა ცენზურა არ არის! თქვენთვის ეს შეიძლება ცენზურა იყოს, მაგრამ აქ საუბარია საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე.
კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება – მნიშვნელობა არა აქვს რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს. თუ ერთი მიმართულებით კონკრეტული ტერმინები გამოიყენება, მეორე მიმართულებით მეორე მხარესაც კონკრეტული ტერმინები გამოიყენება. თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“ ახალი კანონის მიხედვით, არც ეს ტერმინი არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ რაც გვაინტერესებდა, მიმართვა იმაზე გავაკეთეთ. როცა პარტია მიმართავს, რა თქმა უნდა, მას სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ.
ეს რა თქმა უნდა, კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცენზურაზე ისაუბრონ, რაც ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის გამოყენებაში – თუ მათ მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ, მათაც შესაბამისი კომისიას უნდა მიმართონ“(ინტერპრესნიუსი)