თურქული და აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თურქეთის ოპოზიციონერ დეპუტატთა ჯგუფმა „აფხაზეთის მეგობრობის ჯგუფი“ ჩამოაყალიბა. ეს ნაბიჯი კამპანიის „დასრულდეს აფხაზეთის იზოლაცია“ ფარგლებში გადაიდგა, რომელსაც თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.
ჯგუფის პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს, ანკარის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. მანამდე თურქეთის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტების აღიარებისა და ოკუპირებულ აფხაზეთთან პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დამყარებისკენ მოუწოდეს.
თურქეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ანკარის პოზიციის ცვლილების ნიშნები არ შეინიშნება.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 17 ნოემბრის შეხვედრა თურქმა დეპუტატებმა, დიასპორული ჯგუფის „დასრულდეს აფხაზეთის იზოლაცია“ მხარდაჭერით გამართეს. მასში მონაწილეობდნენ თურქეთის ცხრა პოლიტიკური პარტიის 20-ზე მეტი დეპუტატი, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები და აფხაზი საზოგადო მოღვაწეები.
მანამდე „აფსნიპრესი“ იუწყებოდა, რომ პროცესში ჩართული თურქული პოლიტიკური ძალები იყვნენ: „ახალი პარტია“ (Yeni Parti), „ბედნიერების პარტია“ (Saadet Partisi), „ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის პარტია“ (DEM Parti), „დემოკრატიისა და პროგრესის პარტია“ (DEVA), „შრომის პარტია“ (EMEP), „თურქეთის მუშათა პარტია“ (TİP) და „ახალი გზა“ (Yeni Yol).
„ჩვენს აფხაზ ძმებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: 1. აფხაზური პასპორტების აღიარება; 2. აფხაზეთში პირდაპირი მიმოსვლის უზრუნველყოფა“, – დაწერა 17 ნოემბერს, სოციალურ ქსელ X-ზე, პარტია „ახალი გზის“ (Yeni Yol) დეპუტატმა სელჩუკ ოზდაღმა. „მე მხარს ვუჭერ ჩვენი აფხაზი ძმების სამართლიან და კანონიერ მოთხოვნებს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გავაგრძელებთ ამ საკითხების თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში დაყენებას“.
თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითხს თურქეთის სხვა პარლამენტარებიც გამოეხმაურნენ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები