ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) თურქეთში ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ იუწყება.
ALDE-ს წევრია ზურაბ ჯაფარიძის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ორგანიზაციის განცხადებით, ჯაფარიძე თურქეთში, აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს. მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ, წერს ALDE.
ჯაფარიძე თურქეთის გავლით ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) ლიდერთა სამიტზე. ეს ევროპარლამენტის ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფია. სამიტი 15 ოქტომბერს გაიმართება.
„ვწუხვართ, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს [სამიტში]. სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება ამგვარი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პროევროპული და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვიან“, - ნათქვამია ალდეს განცხადებაში.
მოგვიანებით პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ზურაბ ჯაფარიძემაც.
„თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.
ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.
სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე.
სხვა არაფერი სანერვიულო", დაწერა ჯაფარიძემ.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები