თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი საქართველოს სტუმრობს

1 week ago 42

თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი 16-17 ივლისს პირველი სახელმწიფო დონის ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. 

სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ბერდიმუჰამედოვი თბილისის აეროპორტში 16 ივლისს ჩამოვიდა, სადაც მას „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა. მოგვიანებით, მას ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების წახალისებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე, შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით“.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ „სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ნათელი დასტურია“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა