“თქვენ ოღონდ მიმიღეთ და მერე მე რას ვიკადრებ, მაგასაც განახებთო” – დავით ზურაბიშვილი

1 hour ago 3

პატარა შენიშვნა ოპოზიციურად განწყობილთა მიმართ.

იმის მოწოდებას, რომ “ქოცი არ გავახაროთ” პრინციპით არ დაგვცდეს არაფერი ისეთი, რასაც ხელისუფლება გამოიყენებს ფსევდოპატრიოტულ-ფსევდორელიგიური მრისხანების ასაგორებლად, არა აქვს არანაირი აზრი.

ეს გაფრთხილება პოლიტიკოსებს ნაკლებად ჭირდებათ, ისინი ისედაც არ ამბობენ არაფერ განსაკუთრებულს ამ მხრივ. ხოლო არაპოლიტიკოსებს რაც შეეხება, აქ ისეთი სიჭრელეა ხელისუფლებით უკმაყოფილოთა შორის, რომ სუსს არცერთ შემთხევაში არ გაუჭირდება საზოგადოებისთვის უცნობი მოქალაქის რაიმე მჭახე გამონათქვამის პოვნა, რომელსაც ცოტა მიჭრის-მოჭრის, გაბერავს, კუდს გამოაბამს და გაავრცელებს, როგორც “ოპოზიციის აქტივისტის” ოფიციალურ განცხადებას. მერე “გრუპა პადდერჟკის” ამბავში აგორებულ კამპანიაში ჩართავს ტროლებს, ბოტებს, გვენეტაძის და ანჯაფარიძის მსგავს ორშაურა ექსპერტებს, პარტია “ნეიტრალურ საქართველოს”, მეცნიერებს, სპორტსმენებს, მღვდლებს, საკრებულოს და პარლამენტის წევრებს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს და შეიძლება თვით მამუკა მდინარაძემაც კი შეიწუხოს თავი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამის თავიდან აცილება არის პრინციპულად შეუძლებელი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილოთა შორის დიდი სიჭრელეა. აქ არის ყველანაირი ტიპაჟი – ლიბერალიც, კონსერვატორიც, მემარცხენეც, მემარჯვენეც, ცენტრისტიც, ზვიადისტიც, პუტჩისტიც, მიშისტიც, ანტიმიშისტიც, ვეგანიც და მწვადის მოყვარულიც. ამ ჭრელი მასის რაიმე ერთ მესიჯზე მორგება და მით უმეტეს მართვა, გამორიცხულია. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ხელისუფლების მომხრეებისგან ამ ხალხისა, ესეც არის.

ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების პროპაგანდას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. რასაკვირველია ამ ყოველგვარი მორალური ნორმების მიღმა გასული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია და აუცილებელიც, მაგრამ არა ისე, რომ ყველა ერთ მესიჯზე აეწყოს და “ამას ნუ შეეხები” და “იმას ნუ იტყვი ” ტიპის მოწოდებებით.

თუმცა, ეს სხვა თემაა და სხვა დროს იყოს. სახელისუფლო პროპაგანდაზე კი ერთი ძველი საბჭოთა ანეკდოტი მაგონდება. ტიპი მივიდა კომპარტიის ცეკაში (მაშინ უმაღლესი მმართველი სტრუქტურა) და ითხოვს, მიმიღეთ სამსახურშიო; ეგაო კადრების საკითხიაო, უპასუხეს; ამან კიდევ, თქვენ ოღონდ მიმიღეთ და მერე მე რას ვიკადრებ, მაგასაც განახებთო.

ჰოდა, ეგაა რა.

სრულად წაკითხვა