“თქვენი სამი საუნჯე არის – ბიძინა, სკამი, ფული!” – პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს

2 weeks ago 10

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს, მმართველი პარტიის ლიდერებს მიმართავს გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ ,,ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ შეკრებასთან დაკავშირებით:

,,ხალხის უმეტებოსა იქ [აქციაზე] არ იყო მოსული თავისი ნებით. მე არ ვბრაზობ ნამდვილად იმ ადამიანებზე მიუხედავად იმისა, რომ ცუდ საქმეში იყენებთ. რატომ? იმიტომ, რომ – წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა: ცხოვრობ რეგიონში, 600-დან 1000 ლარამდე ხელფასი გაქვს და ამ ერთადერთ შემოსავალს, ლუკმა-პურის თანხასაც, გემუქრებიან, რომ წაგართმევენ. მერე მოყავხარ, მოდიხარ მიკროავტობუსით რამდენიმე საათი, მერე მზის გულზე, სიცხეში გაყენებენ და გაძალებენ, რომ გამოვა ,,მილიარდელი ბელადი და ტაში უნდა უკრა”. ძალიან კარგად მოიქცა დიდი უმეტესობა, რომ ტაშს არ უკრავდა და თქვენ დაგჭირდათ გამოგონილი ტაშის კვრა. ეს არის ლუსტრაცია!

თუ აქედან სათანადო დასკვნებს ვერ აკეთებთ, ეს კიდევ უკეთესია, უფრო მალე დასრულდებით. ან რა სიშლეგეებს ასმენინებდით ადამიანებს?! თურმე რაღაც ძალები მართავს NATO-ს, ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, აკოტრებენ ბიძინა ივანიშვილის მილიონებისთვის მსოფლიოში ცნობილ ბანკს და ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მთელ მსოფლიოს. რისთვის? – იმიტომ, რომ უფრო მეტი მილიარდი იშოვოს?!

ადამინები გაკოტრებულები არიან! აქ იყო სტატისტიკა, 250 000 ადამიანი წავიდა ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოდან. რისი გამკეთებლები ხართ?! თქვენგან ევროპაზე, სუვერენიტეტზე ლაპარაკი იგივეა, როგორც ჩრდილო კორეა არის სახალხო დემოკრატიული. არაფერი სახალხო და დემოკრატიულო ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება. არანაირი ევროპული, სუვერენიტეტის დამცველები თქვენ არ ხართ! თქვენ გადარდებთ ძალაუფლება.

თქვენი სამი საუნჯე არის – ბიძინა, სკამი, ფული! არანაირი საუნჯე, სინამდვილეში, თქვენ არ გაგაჩნიათ! თქვენ ნახავთ, ეს აქციები გაგრძელდება. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და თქვენ მოგიწვეთ, მე ვამბობ, სასჯელი! მიუხედავად ათასი ბოროტებისა, სიშლეგეებისა, რასაც ამბობთ და აკეთებთ, თქვენი სასჯელი იქნება – გაყურებინებთ, როგორ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი ქვეყანა, როგორ შენდება ქვეყანა და ქართველები როგორ ბრუნდებიან საქართველოში.

არასდროს საქართველოში მხარდაჭერა რუსეთს, რუსულ კანონს არ ექნება! ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს დაუდგება წინ, აუცილებლად აღმოჩნდება პოლიტიკურ სანაგვეზე!

საქართველო გაიმარჯვებს! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა