საგარეო სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 21,1 მილიარდი დოლარი იყო, საიდანაც მეოთხედი (25%), 5,3 მილიარდი, ავტომობილების ექსპორტ-იმპორტზე მოდის იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ეს სატრანსპორტო საშუალებები არ იწარმოება.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში დაახლოებით იმავე ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოიყვანეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდში. ამ თერთმეტ თვეში 14%-ითაა გაზრდილი ქვეყნიდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ღირებულება.
- წელს საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება 15,1 მილიარდი დოლარი იყო. აქედან 20,4% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. მომდევნო ადგილებზეა ნავთობი (7,8%), სამკურნალო საშუალებები (3,7%), ნავთობის აირები (2,4%).
- პირველ თერთმეტ თვეში საქართველომ 6 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, საიდანაც 36,9% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, მომდევნო ადგილებზეა ფეროშენადნობები (5,3%), სპირტიანი სასმელები (4,5%), ღვინო (4,4%) და ძვირფასი ლითონები (3,5%).
თერთმეტ თვეში საქართველოში 185 834 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, რომელთა 72% აშშ-ზე მოდის, მომდევნო ადგილებზე არიან იაპონია (14,5%) და გერმანია (4,9%). იმპორტირებული ავტომობილების ფასი 3 მილიარდ დოლარამდე იყო, აქედან აშშ-ზე, იაპონიასა და გერმანიაზე მოდის თანხის 87% - დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი.
ამავე პერიოდში საქართველოდან 97 831 მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, საიდანაც 78,5% ყირგიზეთსა და ყაზახეთზე მოდის. ამ ორ ქვეყანაში გაყვანილი 76 845 ავტომობილის ღირებულება 1,8 მილიარდ დოლარამდეა.
- საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აშშ. მათგან თურქეთიდან ყველაზე მეტი ღირებულების სამკურნალო საშუალებები (153 მილიონი დოლარი) შემოდის, რუსეთიდან - ნავთობი (471,7 მილიონი დოლარი), აშშ-დან - მსუბუქი ავტომობილები (1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების 134 275 ავტომობილი).
- აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე მეტი ღირებულების (1,6 მილიარდი დოლარი) პროდუქცია რუსეთიდან შემოაქვს, ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებელი (1,2 მილიარდი დოლარი) ყირგიზეთთან აქვს, თუმცა ეს ქვეყანა არ არის მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულში. მეორე ადგილზეა (795 მილიონი დოლარი) ყაზახეთი.