WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სოციალურად დაუცველთა ე.წ. “ბაზის გაწმენდისა” და თანმდევი პრობლემების შესახებ საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველების (და არა მარტო) ქომაგი, თეონა ჭალიძე:

სოციალური მომსახურების სააგენტომ ინტენსიური გადამოწმებების შედეგად მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა მოუხსნა 133 324 ადამიანს, რაც ესე იგი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თითქოს 39 530 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა… ამ სტატისტიკაში არ შედიან ის პირები, რომლებსაც საარსებო შემწეობის ოდენობა შეუმცირდათ, რადგან ზოგს გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა გაეზარდა იმდენად, რომ საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდა, მაგრამ თანხის ოდენობა შეუმცირდა.

პროგრამას ისედაც არაერთი ხარვეზი აქვს, რეალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ვერ ხედავს და საბაზისო დახმარების გარეშე ტოვებს… ამიტომ ზოგი განაცხადსაც კი აღარ აკეთებს, იმედი აღარ აქვს…

მაგალითად ისედაც უსამართლოა ის, რომ 16 წლის ბავშვებს უხსნიან საარსებო შემწეობას, მათ შორის, შშმ ბავშვებსაც, ამ ასაკში ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან…

მაგალითად, უსამართლოა ის, რომ ზამთარში კომუნალური გადასახადის ოდენობა არის ერთერთი კრიტერიუმი, ანუ სოფლად მცხოვრებ ადამიანს შეშის ყიდვა ძვირი უჯდება და ერთიანად ვერ ყიდულობს, ამიტომ ბუნებრივ აირს მეტს მოიხმარს და ამას არავინ ითვალისწინებს… არც იმას ითვალისწინებენ რომ ზოგს ბუნებრივი აირი საერთოდ არ აქვს და შესაბამისად ელ-ენერგიას უფრო მეტს მოიხმარს ზამთარში…

მაგალითად უსამართლოა ისიც, რომ ძალადობის მსხვერპლის სტატუსს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ ითვალისწინებენ…

არის შემთხვევები როცა მოქლაქეები ამბობენ, რომ დეკლარაცია არასწორად შეუვსეს და ზოგიერთი სოციალური აგენტი ვარაუდით წერს მასში რაღაცეებს…

მივმართავ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული ხართ და ვიმსახურებთ ასეთი მასშტაბური ,,ბაზის წმენდის“ შესახებ დეტალურ ახსნა-განმარტებას, თუ რა კონკრეტული საფუძვლებით მოხდა ამდენი პირისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა. ასევე მოგიწოდებთ აკონტროლეთ სოციალური აგენტების მუშაობა და ნუ მისცემთ მათ თვითშემოქმედების შემცველ დავალებებს…

მივმართავ მოქალაქეებს – იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად. ყველამ მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა დაგენიშნოთ დახმარება. ისაუბრეთ საჯაროდ, ნუ შეშინდებით. მოითხოვეთ დეკლარაციები წინაც და ახალიც, შეადარეთ ერთმანეთს, შეამოწმეთ რაიმე არასწორად ხომ არ წერია და გაასაჩივრეთ. მიმართეთ სახალხო დამცველსაც, რომ საარსებო შემწეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული კონკრეტული მავნე პრაქტიკები შეისწავლოს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

მივმართავ სახალხო დამცველს, რომ მონიტორინგი გაუწიოს ამ პროცესს და შეისწავლოს რამდენად სამართლიანად ხდება ,,ბაზის გაწმენდა“, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ ბაზის გაწმენდაზეა დამოკიდებული ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა და ბრძოლა გადარჩენისთვის…

სოციალური პროგრამების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეწყდეს. ადამიანების გაჭირვებით მანიპულირება და სიღარიბის მაჩვენებელი სტატისტიკების ხელოვნური მართვა უნდა დასრულდეს.

ინფორმაციისთვის ამჟამად საარსებო შემწეობას იღებს 576 902 პირი – 145 391 ოჯახი“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.