იგეგმება საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია — ბიუროს თანამშრომლები

3 hours ago 4

საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, რომ 2025 წლის პირველ აპრილამდე ბიუროს ლიკვიდაცია იგეგმება, თუმცა, ამის მიუხედავად, ოფიციალური ინფორმაცია არ მიწოდებიათ.

ბიუროს თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ლიკვიდაცია საჯარო სექტორში „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული აზრის ჩახშობაზე ორიენტირებული რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია.

„საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1 აპრილამდე. 10 წელზე მეტია სსიპ -საჯარო სამსახურის ბიურო ემსახურება პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო. ამ ღირებულების დასაცავად, ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა ხელი მოაწერა 2024 წლის ნოემბერში საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ – დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება.

კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიწოდებია საჯარო სამსახურის ბიუროს და ჩვენთვის სხვა გარე წყაროებიდან გახდა ცნობილი. საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას“, — წერს საჯარო სამსახურის ბიუროს მთავარი სპეციალისტი ნინო ცუხიშვილი.

მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პარტიამ საპასუხო ზომად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა გადაწყვიტა.

„კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას“, — ეწერა განცხადებაში, რომელიც „ოცნების“ მიერ მიღებული დაჩქარებული ცვლილებების პასუხად გამოაქვეყნეს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებმა. განცხადებას 14 თანამშრომელი აწერდა ხელს.

საჯარო სამსახურის ბიუროს მისიაა, „ხელი შეუწყოს პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლად, გამართულად და კანონის შესაბამისად ფუნქციონირებას, რაც საქართველოს საჯარო სამსახურს საუკეთესოდ აქცევს.“

ბიუროს უფროსს პრემიერმინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. ბიუროს უკანასკნელი უფროსი, თეიმურაზ ჩიხრაძე, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 29 ივლისის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. გასულ კვირამდე ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაკა ცენტერაძე იყო. დღეის მდგომარეობით, ბიუროს არც უფროსი ჰყავს და არც უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

ნეტგაზეთმა ვითარების დასაზუსტებლად მიმართა მთავრობის ადმინისტრაციასაც. მათი მხრიდან ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

სრულად წაკითხვა