საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კრიტიკის ობიექტი გახდა.
მის მიერ, სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს საზოგადოებისა და სხვა ცნობადი სახეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
“შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება,“ - წერდა სააკაშვილი “ფეისბუქის“ ოფიციალურ ანგარიშზე.
თუმცა მოგვიანებით სტატუსი ჩაასწორა და განმარტა, რომ სინამდვილეში სხვა რამეს გულისხმობდა: “შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.
პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.
რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის,“ - აღნიშნულია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ეხება.
აქციაზე შეკრებილებმა პროტესტი ხორუმის ცეკვით გამოხატეს, რამაც საკმაოდ ეფექტური და ამაღელვებელი სანახაობა შექმნა.
როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში?აღნიშნული პოსტი უმეტესმა ნაწილმა გაკრიტიკა. ნაწილმა კი დაწერა, რომ რადგან “ფეისბუქის“ ანგარიშს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი არ აკონტროლებს, შესაძლოა გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი.
“შეცდომაა ამის დაწერა ახლა - ორი შეცდომაა შიგნით - ხალხის ჩამოყვანაზე და გამარჯვება რომ არ იყო გუშინ. ახლა ისეთ ვითარებაში ხარ, რომ შეცდომაზე მითითებაც უხერხულია, მესმის, მაგრამ სიმართლე ესაა, მიშა“, - წერს მიშა მშვილდაძე კომენტარებში.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის იგორ ნარმანიას თქმით, “თბილისის ქუჩებში ყოველდღიური მსვლელობები, აქციები, არის სრულად თვითორგანიზებული“.“რეგიონებში ცალკე მსვლელობები იმართება.
ეს პროცესი სრულიად უმართავი, თვითორგანიზებულია და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით,“ - წერს იგორ ნარმანია.
“იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება“ - საკუთარი პოზიცია ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც დააფიქსირა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია:“ვინც ამ პროცესს ვერ გრძნობს, ვერ ხვდება რა ხდება, ვერაფერს მატებს, ჯობია გაჩუმდეს და არც არაფერი მოაკლოს.
ეჭვიანობაა ამ პოსტის საფუძველი, დროისა და კონტექსტის ვერ აღქმა. უბრალოდ კარგია, რომ არავის აინტერესებს და ვერც პროცესს დააზიანებს,“ - აღნიშნავს ნიკა მელია.