„ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს უყიდიან.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია:
„მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს“.
განცხადება „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს“, - აცხადებენ ისინი.
მათი განცხადებით, „ეს არის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“.
ინფორმაცია განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები