WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას, შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და „ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე“ ისაუბრეს:

„ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს“.

„ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“.

შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომ.

მასში ნათქვამია, რომ “ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გამართული შეხვედრისთვის”.

საელჩოს თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ისრაელის საელჩო იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება.

შეხვედრას ასევე დაესწრო ლევან ქარუმიძე – „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რომელიც აგვისტოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ცნობისთვის, ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი იშვიათად მართავს შეხვედრებს უცხოელ დიპლომატებთან და ოფიციალურ პირებთან.

თუმცა, 2025 წლის მაისში ივანიშვილმა უარი თქვა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თხოვნით მოითხოვა, რათა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი გადაეცა.