ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრების სიაში და ოცნების რეჟიმი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ – განცხადება

6 hours ago 5

13

“დღეს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა კრიტიკულია. „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკა მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული აზრის ჩახშობას და მოქალაქეებისთვის სიტყვისა და გამოხატვის შესაძლებლობის წართმევას”- ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ავტორების თქმით, ორ დღის წინ მსოფლიო აღნიშნავდა მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დასრულების დღეს, თუმცა საქართველოში კვლავ ასეულობით შემთხვევაა, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმები, უკანონო პატიმრობა, დაშინება და მუქარა გამოუძიებელი რჩება.

„უფრო მეტიც – ყოველდღიურად ვხედავთ ჟურნალისტთა უფლებების უხეშ დარღვევებს. გუშინ ჩვენი კოლეგა და მეგობარი ნინია კაკაბაძე დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ეს არის მორიგი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი ხმის ჩახშობას.

ჩემს გვერდით იმყოფება ვასიკო, რომელიც სხვა ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა და პატიმრობა მიუსაჯა. სინდისის პატიმარი მზია
ამაღლობელი დღემდე ციხეშია. მზიას უკანონო პატიმრობა საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთი ჯილდოთი და აღიარებით შეაფასა, როგორც კიდევ ერთი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.

ბიძინა ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“. ის მოხვდა ისეთი ავტორიტარი ლიდერების გვერდით, როგორებიც არიან პუტინი, ლუკაშენკო და მადურო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში.

არ უნდა დავივიწყოთ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და „ქართული ოცნების“ სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება — მათ შორის კომუნიკაციების კომისია და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უკანასკნელი ემსახურება მოძალადე რეჟიმს, ავრცელებს პროპაგანდას, დევნის პროფესიონალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ახალისებს მედიის შიგნით შუღლსა და რეპრესიებს საკუთარი მოქმედი თუ ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ.

ჩვენ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, ვინც ამ მძიმე პირობებში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მაინც ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას”- განაცხადებს ბრიფინგზე.

სრულად წაკითხვა