„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის „მჭიდრო თანამშრომლობასა“ და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ „პოზიტიურ დინამიკაზე“ ისაუბრეს, განაცხადა “ქართულმა ოცნებამ” 6 ნოემბერს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლევან ქარუმიძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რომელიც აგვისტოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
მმართველი პარტიის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ „განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს“.
ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი „დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, განაცხადა პარტიამ. ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა „საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ“.
ისრაელის საელჩომ განაცხადა, რომ აბუ ჰაიამ მადლობა გადაუხადა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები“, – განაცხადა საელჩომ.
ამავე ინფორმაციით, ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ „კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. საელჩო იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის „საერთო ინტერესების მიმართულებით“ თანამშრომლობა კვლავ განვითარდება.
აბუ ჰაიამ რწმუნებათა სიგელები თბილისში 2025 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. მან ამ თანამდებობაზე ჰადას მეიცადი შეცვალა, რომელიც ელჩის მოვალეობას 2022 წლიდან ასრულებდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები