„ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა“, - აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე და განმარტავს:
„არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება“.
ბაჩიაშვილმა, - რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის განცხადების საფუძველზე საქმეა აღძრული კრიპტოვალუტების საქმეზე, - 23 იანვრის დილას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის აღძვრის შემდეგ მას „შუამავლის“ გამოყენებით 5000 ბიტკოინის გადახდას სთავაზობდა.
„ივანიშვილი აგრძელებს გამოძალვას. ეს არის გამოძალვა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგების მუქარის ქვეშ ადამიანს სთხოვ დიდძალი ოდენობის თანხის გადახდას“, - თქვა ბაჩიაშვილმა და დააზუსტა:
„ეს იყო 5000 ბიტკოინის მოთხოვნა წინა შემოდგომაზე და ე.წ. კრიმინალური „შოჩიკი“, რომ ყოველ თვეში ეს გადასახადი თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით“.
„ეს ოფიციალურად მოხდა. მისმა წარმომადგენელმა გაუგზავნა ტელეფონის მეშვეობით ეს შეთავაზება ჩემს ადვოკატს“, - თქვა ბაჩიაშვილმა, თუმცა არ დაუზუსტებია, ვინ იყო ეს შუამავალი, - მხოლოდ ის თქვა, „ეს წარმომადგენელი, ის კაცი არ არის იურისტი, მას არ აქვს სისხლის სამართლის ლიცენზია, ის არის ივანიშვილის ჩვეულებრივი წარმომადგენელი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელმაც ეს გადმომცა“.
წიქვაძემ საპასუხო განცხადება ფეისბუკზე გამოქვეყნა და დაწერა, ბაჩიაშვილმა მე მიგულისხმაო: „მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს“.
„ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შევხვდი ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი ჩემი მარწმუნებლის ადვოკატი/წარმომადგენელი და უცნაურია დღეს ასეთი განცხადებები“, - დაწერა თეიმურაზ წიქვაძემ.
„ცხადია, ჩემს მარწმუნებელთან მაკავშირებს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვმოქმედებ ამ ურთიერთობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის წარმომადგენლობას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა თუ ლიცენზია სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთი ცრუ განმარტებაა, რაც ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან გაცხადდა“, - აცხადებს ის.
„ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით)“, - აცხადებს ივანიშვილის ინტერესების დამცველი.
მის თანახმად, შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ „დაზარალებული მხარე [ივანიშვილი] გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით „დისკონტი“, თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება“.
წიქვაძე ასევე ხაზს უსვამს, რომ ბაჩიაშვილს ბრალად წაყენებული აქვს 8986.8675 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება.
მანამდე გიორგი ბაჩიაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ტექსტი იმ წერილისა, რომელზეც სასამართლოში ისაუბრა. ტექსტში, - რომელიც, ბაჩიაშვილის თანახმად, 2023 წლის შემოდგომაზე მიიღო, - წერია, რომ წინასასამართლო სხდომა 27 მარტს არის დანიშნული და „ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%“.
უარის თქმით შემთხვევაში კი წერია, რომ შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), „დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით“.
„მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60%-ისა, მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან - 70%-ის გადაცემა და ა.შ.“.
ბაჩიაშვილმა 23 იანვარს განაცხადა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მას სთავაზობდა „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას, რაზეც მან უარი თქვა და ამის შემდეგ გაუფუჭდა მასთან ურთიერთობა.