„ქართული ოცნება“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ და აცხადებს, რომ დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო „სამართლებრივი სახელმწიფოა“.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება“, - წერს „ქართული ოცნება“ მას შემდეგ, რაც ელისეს სასახლემ ვრცელი ცნობა გამოაქვეყნა საუბრის შესახებ.
„რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტიის პრესცენტრის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“.
„გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, - იუწყება „ქართული ოცნება“.
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო ზარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მაკრონის ინიციატივით შედგა.
ისინი მომდევნო დღეებში ხელახალ კონტაქტზე შეთანხმდნენ.
ცნობა თავდაპირველად „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა და დაწერა, რომ „მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა“.
ამასთან, პარტიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის „მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა“.
მოგვიანებით ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა „მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა“ [საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური თარგმანის თანახმად, მან ითხოვა „ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება“].
ამასთან:
- „მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომლიც არჩეული იქნა ან იქნება;
- ის გამოვიდა მოწოდებით, ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა“.