ივერიონმა ქუთაისი გორში, დამატებით დროში დაამარცხა

5 hours ago 2

გორის ივერიონმა ნავსი გატეხა და 4-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა. დავით როგავას გაწვრთნილმა შიდა ქართლის გუნდმა სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ “ქუთაისს” უმასპინძლა და დამატებით დროში – 107:104 (სტატისტიკა) დაამარცხა. იმერული კლუბისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე მარცხი, მთლიანობაში კი ქუთაისელებს 4 წაგება აქვთ და დაკარგული ქულებით ცხრილის შუაში არიან.

გორში გამართული მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გორელებს კარგი დანამატი აქვთ კაფანდარა, მაგრამ თამაშის კარგად მცოდნე ჯეი პალის სახით. პალმა სადებიუტო მატჩში 30 წუთი ითამაშა და შთამბეჭდავი სტატისტიკის არქონის მიუხედავად, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

წვლილზე თუ მიდგება საქმე, უნდა აღინიშნოს რეზო როგავასა და რეჯი მესიდორის მონაგარი. ორივემ 5-5 სამქულიანი ჩააგდო და ივერიონმა ეს შეხვედრა რომ მოიგო, ზუსტი შორი სროლების დამსახურებაა. ოვერტაიმში, როცა ივერიონი ძირითადი ცენტრის, ივანე მეგენეიშვილისა და ხუთეულის წევრის, ნიკა ჩეჩელაშვილის გარეშე დარჩა, მესიდორისა და როგავას სამქულიანებით გორელებმა თამაში მოიგეს. ჩეჩელაშვილმა მე-5 პერსონალურის მიღებამდე თავადაც მოასწრო ოვერტაიმში სამქულიანის ჩაგდება.

ქუთაისი ფორმაში ვერაა. გუნდი მთელი თამაშის მანძილზე ჩამორჩებოდა და ძირითადი დროში მაინც მოახერხა გათანაბრება. გიორგი კორსანტიას შედეგიანობით იმერულმა კლუბმა თამაშის ოვერტაიმში გადაიყვანა და წესით, ფსიქოლოგიური უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებმა სამქულიანებით ქუთაისს წარმატების ყველა შანსი მოუსპეს.

ივერიონში საუკეთესო იყო რეზო როგავა, რომელმაც სარგებლიანობის უმაღლესი (35) ინდექსი დააგროვა და დიდი ალბათობით მე-10 ტურის MVP გახდება. მის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. 25 ქულით ბომბარდირი გახდა რეჯი მესიდორი, ნიკა ჩეჩლაშვილმა 18, ივანე მეგენეიშვილმა კი 14 ქულა მიითვალეს. ზემოთნახსენებმა ჯეი პალმა გორელებს 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიაშველა. ქუთაისს ტრადიციულად გიორგი კორსანტიამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 17 მოხსნა, 4 ჩაჭრა და და 3 პასი მიითვალა. 21 ქულა და 8 პასი ჰქონდა ელაია ჯოინერს, ხოლო აკაკი დვალიშვილმა შეხვედრა 19 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.

სუპერლიგის მე-10 ტური დასრულდა. პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური 27, 28 და 19 დეკემბერს, თბილისში, ტყიბულში, ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართება.

სრულად წაკითხვა