იზოლატორიდან გაათავისფულეს გმირთა მოედანზე დაკავებული აქტივისტი ბექა გაბადაძე

1 week ago 18

დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 48-საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ბექა გაბადაძე.

ის, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, 2 მაისს, თბილისში, გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე დააკავეს.

„ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. ემოციურად იყო რთული, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ და თან შეკრებისთვის გამუნათებენ. რთულია ამას უსმინო. მაგრამ ვარ შემართებით და მთელი გულით მჯერა, რომ არ გავრუსდებით.

მივდივარ ფეხმოტეხილ დედასთან რომ ჩავეხუტო და მოვუარო. 83 დეპუტატს ვუსურვებ ისეთივე 48 საათს როგორიც ჩემს ოჯახს ჰქონდა,“ — ფეისბუკზე დაწერა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ბექა გაბადაძემ.

როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სამართლებრივი საბაბით დააკავეს და ჯერჯერობით, არც სასამართლო პროცესი გამართულა. როგორც წესი, მსგავს აქციებზე ადამიანებს ადმინისტრაციული წესით აკავებენ, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ან/და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს.

ბექა გაბადაძე იხსენებს, რომ დაკავებამდე ისინი პოლიციას არ გაუფრთხილებია. მისივე თქმით, იმ მომენტისთვის აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა იყო და გზის სავალი ნაწილი სანახევროდ გახსნეს კიდეც პოლიციის მოთხოვნის შემდეგ.

„მიუხედავად ამისა, მათი ათმეთაური არჩევდა აქტივისტებს და უთითებდა პოლიციელებს, ვინ დაეკავებინათ. დაკავებისას არ განუმარტავთ, რის საფუძველზე გვაკავებდნენ,“ — ამბობს გაბადაძე.

როგორც ამბობს, პოლიციელებმა დაკავებისას არ მისცეს ოჯახთან ან ადვოკატთან დარეკვის საშუალება და მისი დაკავების შესახებ ახლობლებმა სატელევიზიო კადრებით გაიგეს.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება დაკავებულთა სასამართლო პროცესი. ასევე უცნობია 2 მაისის ღამეს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ აქვეყნებს. ნეტგაზეთმა უწყებას ამ ინფორმაციის მიღების მიზნით ჯერ კიდევ 3 მაისს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

სრულად წაკითხვა