ვკითხულობ სასულიერო პირების განმარტებებს იმ ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელსაც ტაძარში დასვენებაზე უარი ეთქვა, და გულწრფელად ვერ გამიგია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსრულების შემდეგ, როგორ შეიცვალა ასე მკვეთრად ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და როგორ დაადგა იგი სრულიად განსხვავებულ გზას.
ილია მეორემ თავისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა ეკლესიისა და ხალხის დაახლოებას მიუძღვნა. პატრიარქი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეკლესია ხალხის გვერდით ყოფილიყო, როგორც თანაგრძნობის, ნუგეშის, შერიგებისა და სულიერი მხარდაჭერის ადგილი. დღეს კი, სამწუხაროდ, საპირისპირო სურათი იკვეთება: ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი თითქოს ხალხთან და მრევლთან დაახლოების ნაცვლად მათგან განდგომისა და გარიყვის გზას ადგას.
კანონიკურ და საეკლესიო სამართალს მაშინ რატომ არ იხსენებთ, როდესაც ზოგიერთი ეპისკოპოსი საჯაროდ, ურცხვად და მიზანმიმართულად იტყუება?
რატომ არ გახსენდებათ კანონიკური პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ეპისკოპოსი მონასტრებზე ზეწოლას ახორციელებს, მათგან ქონების პირად სახელზე გადაფორმებას მოითხოვს და ფაქტობრივად რეკეტს უწყობს?
რატომ არ მოქმედებს საეკლესიო სამართალი მაშინ, როდესაც ზოგიერთი სასულიერო პირი ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ფინანსურ ძალადობასა თუ სხვა მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებშია მხილებული ან მათ მიმართ მსგავსი მძიმე ბრალდებები არსებობს?
რატომ არ გახსენდებოდათ ღვთის სამართალი მაშინ, როდესაც ილია მეორეს თავად ეკლესიის შიგნით ებრძოდით, შეურაცხმყოფელ სახელებს უწოდებდით, ცილს სწამებდით, მისი ავტორიტეტის შელახვას ცდილობდით და წამლავდით, ხოლო შემდეგ მის დაკრძალვაზე ცრემლებითა და მოჩვენებითი ერთგულებით წარსდექით?
რატომ არ გახსენდებათ კანონიკური სამართალი, საეკლესიო სასამართლო და ქრისტიანული სიყვარული მაშინ, როდესაც საქართველოში სტუმრად მყოფ, საზღვარგარეთ არსებული ქართული მონასტრების მონაზვნებს ტაძრებში არ უშვებთ და წმინდა ზიარებაზე უარს ეუბნებით?
განა ეს არის ილია მეორის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება? განა ასე უნდა გავუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას — ადამიანების განდევნით, დამცირებით, დასჯითა და ეკლესიის კარის დახურვით?
კანონიკური სამართალი არ შეიძლება შერჩევითად მოქმედებდეს და მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენებოდეს, რომელთა დასჯა ან გაჩუმებაც კონკრეტულ ეპისკოპოსებს სურთ. იგი პირველ რიგში თავად ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების პასუხისმგებლობასაც უნდა განსაზღვრავდეს.
ეკლესიის ძალა ყოველთვის სიყვარულში, სიმართლეში, სამართლიანობაში, სიმდაბლესა და სინანულში იყო და არა ძალადობაში, სიცრუეში, შიშსა და ადამიანების გარიყვაში.
და ბოლოს, იქნებ კვლავ გავიხსენოთ სახარებისეული სიტყვები:
„ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა.“
სანამ სხვებს ეკლესიის კარს დაუხურავთ და განიკითხავთ, ჯერ საკუთარ სიტყვებს, ქმედებებსა და პასუხისმგებლობას შეხედეთ.

4 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·