„უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია“, - წერს ნინო დობორჯგინიძე „ფეისბუკში“ და აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო უნივერსიტეტად არის შეფასებული.
მან გუშინ, 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების 7 გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა წარადგინა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.
კობახიძემ ისაუბრა დაფინანსების მოდელის შეცვლასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მრავალფეროვანი ფაკულტეტების შემცირებაზე:
„თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.