1
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ისრაელზე დაიწყო ირანული შეტევის კიდევ ერთი ტალღა.
ატმოსფეროდან მოწყვეტით ჩამოვარდნილი ბალისტიკური რაკეტების თავები ქალაქში სხვადასხვა წერტილს ეცემა. სამიზნეები სამოქალაქო შენობებია, თუმცა შესაძლოა დაბომბილი ობიექტების ნაწილი ადმინისტრაციული (სამინისტროები) ან ეკონომიკურიც იყოს.
ბალისტიკური რაკეტების 100%-ნი განეიტრალება ურთულესი ამოცანაა და მასირებული შეტევისას, საუკეთესო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შემთხვევაშიც კი, უმეტესად აპარებს ხოლმე რამდენიმე თავს.
დაახლოებით 3000 ბალისტიკური რაკეტა აქვს ირანს, რომელთაგან 2000 ისრაელს სწვდება. დღეს დღის განმავლობაში მათი ნაწილი ისრაელის იერიშების შედეგად განადგურდა, მაგრამ ცხადია ყველას განეიტრალება ვერ მოხდებოდა. ამ ეტაპზე საუბარია 3-დან 10 ჩამოვარდნილ რაკეტაზე, მაგრამ შეიძლება იყოს მეტიც. ირანის მხრიდან ეს შეტევა მოსალოდნელი იყო.
ახლა კითხვა ორია:
1. გაგრძელდება თუ არა დამატებითი იერიშები ისრაელის წინააღმდეგ? დიახ, მცდელობა ნამდვილად ექნება. მინიმუმ ამ ღამ კიდევ გაუშვებენ რაკეტების ტალღებს. ამ მოცემულობით, მიუხედავად ბალისტიკური რაკეტებისა და მათგან ნგრევისა, ჯერჯერობით ირანის პასუხი მაინც მყიფეა, მით უფრო სამოქალაქო და დაცარიელებული ადმინისტრაციული ობიექტების დაბომბვის ფონზე, მაშინ როდესაც ისრაელის დარტყმების სამიზნეები სამხედრო და ატომური ენერგიის ობიექტები გახლდათ. ვნახოთ შემდგომ პოტენციურ ტალღებსაც თუ ასე გაუმკლავდა ისრაელი. ზოგადად კი სამხედრო და ენერგო ობიექტების განადგურებასა და იმ შოკს რაც ირანს დაემართა დღეს, ისრაელში დაცარიელებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული შენობების დაბომბვით პასუხი, დამაჯერებელი ვერ იქნება. ამიტომ სავარაუდოა, რომ ირანული იერიშები მინიმუმ მთელი ღამე გაგრძელდება. ეს თეირანისათვის განადგურებული რეპუტაციის აღდგენის მცდელობა იქნება. რა ფორმით – ვნახოთ. თუმცა სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე.
2. უპასუხებს თუ არა ირანს ისრაელი? მით უფრო ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, როგორც ეს ისრაელმა დააანონსა. იმ ფონზე, რომ ისრაელს დაანონსებული აქვს ირანული საფრთხის განეიტრალება და ბირთვული პროგრამის განადგურება, მოსალოდნელია რომ დარტყმები სამხედრო ობიექტებზე კიდევ იქნება, აი ეკონომიკურზე კი ვნახოთ – ეს გლობალურ ნავთობბაზარს კიდევ უფრო დიდ შოკს დამართებს. თუმცა ისრაელის მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები უფრო ხანგრძლივ იერიშებს ემსახურება, ვიდრე ერთდღიანი ოპერაციაა. ვნახოთ.