20.10.202620.10.2026
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამჯერად ის ქრთამის აღების საქმეზე სასამართლოში დაწყებულ განხილვებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულ, ცილისწამებაზე აგებული და აბსურდულია.
ღარიბაშვილი 19 ოქტომბერს პროცესს არ დასწრებია. წერილში ის ამბობს, რომ ამ საქმის დეტალებზე „საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს“.
„ოცნების“ ყოფილ ლიდერს წერილში რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, „თუ რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის“ მისი პრემიერობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, რაც მისი მტკიცებით, არის:
- „თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა;
- სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლება;
- სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება;
- ნატოს სტანდარტებთან დაახლოება და ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლა;
- სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი“.
წერილში ის საუბრობს „ჯარის ქალაქის“ მშენებლობას და სამხედროებისთვის ბინების გადაცემაზე, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით „გირჩის პროექტის“ გაუქმებაზე.
„…ვცდილობდი, ყველაფერი საუკეთესო გამეკეთებინა ჯარისკაცებისთვის: პირადი ეკიპირება, ფორმები, ფეხსაცმელი, მოწესრიგებული სოციალური საკითხები, 50%-ით გაზრდილი ხელფასები, სრულად განახლებული ავტოპარკი, სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, განახლებული შეიარაღება, რეზერვების შევსება. გაფორმდა ათეულობით ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე, აღვადგინეთ და შევიძინეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულად აღვადგინეთ სამხედრო ავიაცია – თვითმფრინავები და ვერტმფრენები, გავაძლიერეთ არტილერია, ლოჯისტიკა და თავდაცვის ყველა შესაძლებლობა…“ – წერს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერი იხსენებს 2020 წლის არჩევნებსაც და ამბობს, რომ ამ პერიოდამდე, „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა აგებდა – „მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს“.
ამ წერილში ღარიბაშვილი დავით გარეჯაზე და ამ თემაზე დაწყებულ გამოძიებაზეც – „კარტოგრაფების საქმეზე საუბრობს“.
კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან.
„ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.
მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება – დაიწყო გამოძიება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები“, – ამტკიცებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ შერჩეული ჰყავდათ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დახმარებას გაუწევდნენ.
„აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.
და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, – წერს ღარიბაშვილი.
________________________________________________
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
netgazeti