საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი ეხმაურება არჩევნებზე პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელების წარმოებაში არმიღებას და აცხადებს, რომ ამ დროს მან მხოლოდ "კანონმდებლობის შესაბამისად" იხელმძღვანელა.
ამასთან, იმერლიშვილი აღნიშნავს, რომ "საქართველო ევროპაა" და თავად, მხოლოდ მოსამართლის ფიცის ერთგულია.
"ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე" გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.
როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს ნაციონალების მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ ოცნების მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და "რუსთავი 2"-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც ნაციონალი ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა... ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპატიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება", - წერს ის.
3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. მათი დასაბუთება ჯერ არ არის ატვირთული სასამართლოს ვებსაიტზე.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე დღეს, 3 დეკემბერს, გამოქვეყნდა. პლენუმმა გადაწყვეტილება 29 ნოემბერს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა ფარულობის, საყოველთაობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლებების დარღვევის გამო.
პრეზიდენტი თავის სარჩელში აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი):
- ხმის მიცემის ფარულობა – პრეზიდენტი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მელნის გაჟონვამ ცხადყო, რომელ პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა;
- ხმის მიცემის საყოველთაობა – პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის მიცემის უფლება სახელმწიფომ უგულებელყო იმით, რომ არ უზრუნველყო მათ მიერ ხმის მიცემის უფლების გამოყენება.
იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ ორივე სარჩელი გაერთიანებულად განიხილა.