WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

როგორც სომხური გამოცემა CivilNet.am წერს, ინდურმა კომპანიამ Solar Defence and Aerospace Limited-მა სომხეთს „პინაკას“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის 700 მართვადი რაკეტა მიაწოდა. სომხეთში ამ სისტემას „შანტი“ ეწოდება.

India Today-ის ინფორმაციით, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგჰმა რაკეტების გაგზავნის პროცესი 2026 წლის 18 იანვარს, კომპანიის საწარმოო კომპლექსში გამართულ ღონისძიებაზე დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, სომხეთი „პინაკას“ მართვადი ვერსიის პირველი უცხოელი შემსყიდველია. რაკეტების მოქმედების სიშორე დაახლოებით 75-80 კილომეტრია.

კომპანიის ცნობით, სომხეთთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „პინაკას“ სისტემის შეძენით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მის უპირატესობებს შორის კომპანია შედარებით დაბალ ფასს, სამიზნეების მაღალი სიზუსტით განადგურების შესაძლებლობასა და ინდური თავდაცვის ინდუსტრიის მიმართ მზარდ ნდობას ასახელებს.

ინდური კომპანია Apollo Micro Systems-ის ხელმძღვანელობამ 26 ოქტომბერს ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთისთვის განკუთვნილი 2 000 მართვადი რაკეტის საექსპორტო კონტრაქტის შესრულებაში სამი ინდური კომპანია მონაწილეობს: Solar Industries, სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited და Bharat Forge.

სტატიის თანახმად, Solar Defence and Aerospace Limited-ის მიერ ახლახან გაგზავნილი 700 რაკეტა, სავარაუდოდ, ამ კონტრაქტის ერთ-ერთი ეტაპია.

CivilNet.am -ის ინფორმაციით, მართვადი რაკეტების შეძენა სომხეთის სარაკეტო არტილერიის შესაძლებლობებს ზრდის. ჩვეულებრივი რეაქტიული ჭურვებისგან განსხვავებით, მართვადი საბრძოლო მასალა სამიზნის უფრო ზუსტად განადგურების საშუალებას იძლევა და კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად საჭირო რაკეტების რაოდენობას ამცირებს.