საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრების სერიას „სამოქალაქო საქართველო“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან კიასტუტის ბუდრისთან ინტერვიუთი აგრძელებს. ლიეტუვა საქართველოს თანმიმდევრული მხარდამჭერი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მის რთულ გზაზე და „მტკიცე სიყვარულის“ გამოხატვის არასდროს შეშინებია. იმ ფონზე, როდესაც ორ ქვეყანას საბჭოთა და რუსული დომინანტობის მიმართ წინააღმდეგობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ხალხთა შორის კონტაქტების საერთო ისტორია აქვთ, ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტერესების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამტარებელი იყო. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, რეპრესიების გაძლიერება, დაჩქარებული ტემპით რეპრესიული კანონების მიღება და სახალხო პროტესტის ჩახშობა ავტორიტარიზმის შემდგომ კონსოლიდაციაზე მიუთითებს. მინისტრს ვთხოვეთ, გამოეთქვა აზრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობაზე, ევროპულ უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე.
„სამოქალაქო საქართველო“: ბატონო მინისტრო, გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო ინტერვიუსთვის. საქართველო გაურკვევლობისა და პოლიტიკური კრიზისის პერიოდს გადის, რასაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდწილად უგულებელყოფს. ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელმაც ცალსახა პოზიცია გამოხატა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, როგორც საჯარო განცხადებებით, ასევე სანქციების დაკისრებით პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. და მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის დაცვის ტვირთი ქართველებს ეკისრებათ, თქვენი აზრით, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ ლიეტუვასა და ევროკავშირს, რათა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას დაეხმარონ?
მე მტკიცედ მჯერა, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა აუცილებელია საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომაც გვაშფოთებს საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის სამოქალაქო სივრცის შემცირება სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის ჩახშობა. საბოლოო შედეგი ცუდი იქნება საქართველოსთვის და ქართველი ხალხის ოცნებებისთვის.
უფრო ზუსტად, არსებული ვითარება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების პროდუქტია. 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ერთი ნაბიჯი აშორებდა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, ხელისუფლებამ გაწევრიანებისკენ მიმავალი მატარებლის შეჩერება გადაწყვიტა. ამრიგად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მზარდი უფსკრული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის პოლიტიკური არჩევანია და დროთა განმავლობაში ამ უფსკრულის ამოვსება სულ უფრო გართულდება.
ქართველი სამართალდამცველების მკაცრმა ქმედებებმა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ის, როგორც თბილისის ქუჩებში მშვიდობიან მომიტინგეებს მოექცნენ, ევროპულ სტანდარტთან შეუთავსებელია. ის ფაქტი, რომ ამდენი მომიტინგე დააპატიმრეს ყალბი ბრალდებებით, მუქარის ენიდან მუქარის ქმედებებზე გადასავლის მაუწყებელია. კონტროლის გარეშე, ეს მხოლოდ მეტ ძალადობას გამოიწვევს. ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს პოლიციის ამ სისასტიკეში მონაწილე ოფიციალურ პირებს და მათ პასუხისმგებლობას მოითხოვენ. და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ ყველა დაკავებული აქციის მონაწილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ ვილნიუსს ესტუმრა და ლიეტუვის სეიმში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას, ვინაიდან მმართველი პარტია დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანადგურებს. მან ევროპას სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა, სანამ საქართველო რუსული გავლენის ქვეშ არ მოექცა, რადგან შედეგები საქართველოს ფარგლებს სცილდება. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კრიზისი ევროპისთვის სტრატეგიული გამოცდაა. ეთანხმებით ამ შეფასებას?
არა მარტო ვეთანხმები. მე მქონდა შესაძლებლობა მისი შეფასება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო სხდომაზე წარმედგინა. იმ შეხვედრაზე ბალტიის სამივე მინისტრის სახელით ვისაუბრე.
ბევრი მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოში, ისევე როგორც რიტორიკა „უცხოური აგენტების“, „დიფ სთეითის“ ან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის შესახებ, როგორც ჩანს, რუსული სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. მე ვერ ვეტყვი ქართველ კანონმდებლებს, რა უნდა იყოს მათ დღის წესრიგში. მასპინძელს არ ვეუბნებით, რა უნდა იდოს სუფრაზე. მაგრამ თუ კერძს, რომელსაც მოგართმევენ, რუსული სუნი აქვს, რუსული გემო აქვს და რუსული ფერმიდან არჩეულს ჰგავს, დიდია შანსი, რომ ფანტასტიური ქართული მწვადის მაგივრად სხვა რამე მოგართვან.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. საქართველოს კონსტიტუცია ევროკავშირსა და ნატოში სრულ ინტეგრაციას ქვეყნის ეროვნულ მიზნად სახავს. ხალხი კი უკვე თითქმის 140 დღეა ქუჩაშია და ამ მიზანს იცავს. ამ ნაწილს მე მენიუში ნამდვილ გემოდ აღვიქვავ.
ლიეტუვა გააგრძელებს ქართველების გვერდით დგომას და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერას.
ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო. ჩვენ მართლაც უნიკალური ურთიერთობა გვქონდა, რომელიც ეფუძნებოდა რუსეთის მიერ დამორჩილების საერთო ისტორიულ გამოცდილებას, საერთო საფრთხეებს და, რაც მთავარია, საერთო ღირებულებებს. როგორ შეაფასებდით საქართველოსა და ლიეტუვას შორის დღეს არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს?
ლიეტუვა დიდი ხანია საქართველოს მხარდამჭერია. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება ჩვენი ხალხებისთვის მარტივი არ ყოფილა. ჩვენი ქვეყნები ერთი და იმავე იმპერიალისტური ძალის სამეზობლოში არიან. მძიმე ბრძოლა და თავისუფლებისთვის მძიმე ფასის გადახდა მოგვიწია.
ჩვენი სოლიდარობა საქართველოს მიმართ დროში გამოცდილი და დადასტურებულია. როდესაც 2008 წელს რუსული ჯარები თბილისის მიდამოებში იმყოფებოდნენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ქართველი ხალხის გვერდით იდგნენ.
ყველა არსებული გამოწვევის მიუხედავად, ლიეტუვა კვლავაც მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მისი ევროპული ინტეგრაციის გაძლიერების საქმეში. ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას მისი აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული მომავლისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გულწრფელად გვსურს, ვიხილოთ საქართველო, როგორც ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
ამავდროულად, ჩვენ ველით, რომ ქართული ბიზნესი გამოიჩენს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას და არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის სხვადასხვა სქემაში. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანამ დაკარგოს რესურსები – რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
როგორ აფასებთ ნატოს მომავალს ევროპასა და აშშ-ს შორის გაღრმავებული განხეთქილების, ასევე პრეზიდენტ ტრამპის მინიშნებების გათვალისწინებით, რომ აშშ არ აპირებს უპირობოდ დაუჭიროს მხარი ნატოს წევრებს, რომლებიც არ ხარჯავენ თავიანთ წილს თავდაცვაზე მაშინ, როცა საქმე მე-5 მუხლს ეხება?
ნატოს მოკავშირეების ერთგულება ნატოსა და კოლექტიური თავდაცვის მიმართ მტკიცე რჩება. ჩვენ მზად ვართ ერთობლივად დავიცვათ ალიანსის თითოეული სანტიმეტრი.
ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზე. ევროპელები აქტიურდებიან, გასულ წელს მათი თავდაცვის ხარჯები 20%-ით გაიზარდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გაიმეორა აშშ-ის ერთგულება ძლიერი ნატოს მიმართ. ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირი ნატოსა და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საფუძველი რჩება. ლიეტუვა ამ მხრივ თავის საქმეს აკეთებს. წელს ჩვენ მშპ-ს 4%-ს მივაღწევთ, რაც ნატო-ში სიდიდით მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო მომავალი წლიდან რეკორდულ მაჩვენებლებზე გავალთ და ჩვენი თავდაცვის ხარჯები 5%-ს გასცდება.
ლიეტუვის მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ნატოს.
თქვენმა წინამორბედმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა, განაცხადა, რომ „აშშ-მა რუსეთის ინტერესებთან შესაბამისობა გამოაცხადა“ და რომ ეშინია, რომ ევროპამ „დაკარგა რწმენა იმისა, რომ მას შეუძლია რამის შეცვლა“ საქართველოში, უკრაინაში და სხვა ადგილებში. იზიარებთ ამ შეხედულებას? თუ ასეა, რას შეუძლია ამ რწმენის დაბრუნება და რას აკეთებს ლიეტუვა ამისთვის?
მე არ უნდა ვაკეთებდე კომენტარს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციებში შესაძლო ცვლილებებზე. ცხადია, რომ ჩვენ, ევროპას, მეტი პასუხისმგებლობის აღება გვმართებს საკუთარი უსაფრთხოებისა და ლიბერალური დემოკრატიის შენარჩუნებაზე.
ევროკავშირმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სტაბილურობა ევროკავშირისთვის მთავარი ინტერესია. ამისთვის მთავარია დემოკრატია და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს ევროპას აშორებს. ეს რუსულ დესტრუქციულ გავლენას უხსნის გზას. გვესმის რა ეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის უფრო პროაქტიულ როლს საქართველოს პროევროპული რეფორმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის საქმეში.
როგორც ჩანს, რუსეთი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეჩერებას, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისა. ნების კოალიცია 27 მარტს პარიზში შეიკრიბა. როგორ ფიქრობთ, რა როლს შეასრულებს ეს კოალიცია და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, თქვენი აზრით, რუსეთისა და უკრაინის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების მონახაზები ევროპისა და მსოფლიოსთვის?
ევროპის და უფრო ფართო უსაფრთხოება – სამხრეთ კავკასიის ჩათვლით – დამოკიდებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგზე. საბოლოო მიზანია რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის სამუდამოდ დასრულება და არა მხოლოდ ომის შეჩერება; ამიტომ, ჩვენ „სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების“ წინააღმდეგ ვფრთხილობთ.
მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და ამავდროულად სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას მისი პოზიციების გასაძლიერებლად. ზეწოლა უნდა განხორციელდეს რუსეთზე, რათა დაუყონებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და უარი თქვას თავის გაუმართლებელ მოთხოვნებზე. მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება დაიწყოს აზრიანი მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამ დროისთვის ჩვენ კვლავ ვხედავთ როგორ ცინიკურად არღვევს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას მისი გამოცხადების დღიდანვე. როგორც ჩანს, რუსეთი ნამდვილად არ არის დაინტერესებული მშვიდობით.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმებით შენარჩუნებული უნდა იყოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამავდროულად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძლიერი, გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები – როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო. ნატოში გაწევრიანება უდავოდ იქნება უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია, მაშინ როცა უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის არის რბილი უსაფრთხოების გადამწყვეტი გარანტია, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის.
ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის ომის ეკონომიკაზე სანქციების გაძლიერება, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის იზოლაცია და მისი გავლენის განეიტრალება ჩვენს ქვეყნებზე – მათ შორის საქართველოზე, სადაც რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ძირი გამოუთხაროს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას როგორც პირდაპირი, ისე ირიბი საშუალებებით. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან „ჩვეულ რეჟიმში“ დაბრუნებას.
რაც შეეხება ნების კოალიციას, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის პოზიციის განმტკიცებაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და მის ფარგლებს მიღმა. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდა არსებითია კოალიციის წარმატებისთვის, რადგან ის აუმჯობესებს უკრაინის პოზიციებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ზეწოლას ახდენს რუსეთზე და თავდაცვაში კრიტიკული ხარვეზების აღმოფხვრას ეხმარება, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში სამხედრო ძალის შეყვანას განაპირობებდა. კოალიციაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მოითხოვს გაძლიერებული სამხედრო მხარდაჭერის გადაუდებელ უზრუნველყოფას, ისევე როგორც პოტენციურ წვლილს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 27 მარტს კოალიციის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა გულისხმობდეს უკრაინაში ევროპული ძალების განლაგებას. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება და სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნება აუცილებელია რუსეთის შესაკავებლად, ხოლო რუსეთის პირობებზე დაფუძნებული მოლაპარაკებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.
This post is also available in: English (ინგლისური)