იოსელიანის თქმით, მომიტინგეთა მცირე ჯგუფი კანონს არღვევს, დიდი — არა

1 week ago 3

სახალხო დამცველი 28 ნოემბრიდან დაკავებულ 327 პირს შეხვდა.

ლევან იოსელიანის თქმით, 225 მათგანი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.

„გამოხატვის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამ უფლების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა არაერთხელ ვიხილეთ, რომ შეკრების დაშლა მოხდა იმ პირობებში, როდესაც მცირე ჯგუფი მოქალაქეების არღვევდა კანონს (ამას არავინ უარყოფს), თუმცა უფრო დიდი და ძირითადი ჯგუფი გამოხატავდა სამართლიან პროტესტს. მოვუწოდებ შსს-ს, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, მაგრამ ძირითადად მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ჰქონდეთ უფლება, მშვიდობიან პირობებში გააგრძელონ აზრის გამოხატვა“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად და დროულად გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეები.

მან ისაუბრა ჟურნალისტების როლზეც.

„ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათ შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაშუქონ მოვლენები. დაუშვებელია მათზე რამე ტიპის ზემოქმედება და განსაკუთრებით ის, რაც ვიხილეთ ბოლო დღეებში რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და გაუსწორდნენ უსასტიკესი მეთოდებით. ყველა ეს შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და ფიზიკურმა პირებმა, ვინც ეს ჩაიდინეს, პასუხი აგოს“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სრულად წაკითხვა