„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიმართ ბრალდებები გაიმეორა და განაცხადა, რომ ის მოქმედებდა ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ „კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ“.
კობახიძის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, პროკურატურამ ISFED-ს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნა მოსთხოვა და ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასახელა. ISFED-მა დაადასტურა, რომ ის თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.
პროკურატურამ 15 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის თქმით, გამოძიების შესწავლის საგანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მასმედიის, ასევე ცალკეულ პირთა მიერ საჯაროდ, ან სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთებული და საქართველოს პროკურატურაში შემოტანილი განცხადებები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებდნენ.
„ქართული ოცნება“ დიდი ხანია ადანაშაულებს „სამართლიან არჩევნებს“ და მის დონორს, USAID-ს, არჩევნებზე დაკვირვების მონაცემების ოპოზიციის სასარგებლოდ გაყალბებაში, პოლიტიკური არეულობის გასაღვივებლად. უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა და განაცხადა, რომ ISFED-ის ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები „ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე“. მისივე თქმით, 2020 წელს ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა „ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი“ აღარ გამოაქვეყნეს“. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ პროკურატურამ ასევე უნდა გამოიძიოს 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგენი და დასძინა: „მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით“.
„სამართლიანი არჩევნები“ დიდი ხანია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მორიგი განცხადებები არაზუსტია. კერძოდ, 2024 წლის არჩევნების PVT-ს შედეგებთან დაკავშირებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განმარტა, რომ ისინი ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შედეგებს, თუმცა, „ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე“.
სადავო არჩევნების გათეთრება?
„როგორც ჩემთვის ცნობილია (და მოსალოდნელიც იყო), პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს არჩევნების გაყალბების საქმეს (მალე გაახმოვანებენ გადაწყვეტილებას). ნიადაგის შესამზადებლად დღეს კობახიძემ კიდევ ერთხელ იცრუა, რომ თითქოს გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს“, – წერს ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. მართლაც, კობახიძემ 27 თებერვალს წინასწარ განჭვრიტა პროკურატურის დასკვნა და განაცხადა, რომ ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
„სამართლიანმა არჩევნებმა“, სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგები ვერ ჩაითვლება როგორც თავისუფალი და სამართლიანი. შეფასებაში საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და მრავალჯერადი ხმის მიცემა, მარკირების პროცედურების დარღვევა, პრაქტიკულად გამორიცხული ან არაბუნებრივი განსხვავებები ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის, და სხვა. „სამართლიანი არჩევნების“ აცხადებს, რომ არჩევნები არ ასახავდა საზოგადოების ჭეშმარიტ ნებას.
ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას. „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დარჩა, ორ ფსევდოოპოზიციურ პარტიასთან „ევროპელ სოციალისტებთან“ და „ხალხის ძალასთან“ ერთად. ორივე პარტია მხოლოდ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატებისაგან შედგება.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/11/2024 – „ქართულმა ოცნებამ“ კობახიძის მთავრობა ერთხმად დაამტკიცა
- 08/11/2024 – ISFED: ცესკო მონაცემებში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას
- 19/03/2021 – „სამართლიანი არჩევნები“ PVT-ის გაყალბებაზე ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს
This post is also available in: English (ინგლისური)