ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს აკრიტიკებს და დიდი ბრიტანეთის შესაძლო სანქციების ფონზე ივანიშვილს იცავს

1 month ago 4

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 27 თებერვალს ქობულეთში ყოფნისას რიგ საკითხებს შეეხო, მათ შორის ბრიტანეთის პოტენციურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში, FARA-ს ანალოგიური კანონპროექტის ინიცირებას. მან მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ელჩი საქართველოშში და მას საქართველოს „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენელი უწოდა.

კობახიძე სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერების შესახებ გერმანიის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ „გერმანიის წარმავალმა განათლების მინისტრმა კუდი მოიქნია“.

მან მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ელჩი საქართველოში და განაცხადა, რომ „გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში“. კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ აღდგება, რაც გერმანიაში ახალი კადრები დაინიშნებიან.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროპარლამენტის წევრი და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც 26 თებერვალს თბილისს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. კობახიძემ უარყო ევროპარლამენტარის „ცარიელი განცხადებები“ და განაცხადა, რომ იუკნევიჩიენესა და ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკა გვარამიას „არავითარი რესურსი არ აქვთ“.

დიდი ბრიტანეთის მოსალოდნელი სანქციები

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბრიტანეთის თემთა პალატაში მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის „შანტაჟი, რომელიც დაიწყო 3 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად და გრძელდება ახლაც, ეს არავისთვისაა საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა“.

„თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა უშედეგო იყო ეს შანტაჟი, გამომდინარე იქიდან, რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟი. ეს არავისთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზი უნდა გაესვას“, – დასძინა მან.

დიდთოვლობაზე მთავრობის რეაგირება

კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის ძალისხმევა კონცენტრირებულია გურიაზე, ვინაიდან „ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია“. მან ასევე ისაუბრა აჭარაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში გზები „არსებითად“ გაწმენდილია „ინტენსიური სამუშაოების შედეგად“.

ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება უკვე ელექტროენერგია ჩართული“.

2019 წლის 20 ივნისის საქმე და სტრასბურგის სასამართლო

კობახიძემ ასევე გააკეთა კომენტარი 2019 წლის 20 ივნისის საქმეზეც, რომლის განხილვაც სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში დაიწყო. კობახიძემ აღიარა, რომ საპროტესტო აქციის იმ ღამეს პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.

მისი თქმით, არსებობს შესაბამისი კითხვები, თუ რატომ არ მოახდინა პოლიციამ „უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ“. კობახიძემ განაცხადა, რომ „უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი [გიორგი გახარია, ამჟამად ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი] იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის“.

FARA-ს კანონპროექტი

კობახიძე ასევე შეეხო ახალ საკანონმდებლო ინიციატივას სახელწოდებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის მტკიცებით, შეერთებული შტატების FARA-ს კანონის „ზუსტი ასლია“. კობახიძემ აშშ-ის კანონთან დაკავშშირებით განაცხადა, რომ ის საკმაოდ „უხეში კანონია“ და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში „ამერიკული FARA-ს კანონი დაიხვეწება და შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“.

კობახიძემ ასევე განაცხადა: „მედია არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო. ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის, ეს პრობლემა არის დაფიქისრებული ეუთო/ოდირის დასკვნებში, ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები, თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას იმიტომ, რომ მათ აწყობთ სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან. ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით და ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე, ჩვენთვის ეს არის  მიუღებელი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა