ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ოპონენტებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში, რომლის ინიციატივაც მასვე ეკუთვნის. საუბარია, კობახიძის მიერ 2 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, გაიმართოს დისკუსია მთარობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დკავშირებით.
„არის სამი სუბიექტი - ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი, მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღესვე გამოქვეყნდება, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო, ადგილი და ფორმატი.
2 დეკემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ კობახიძეს მალევე გამოეხმაურ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძ, რომელმაც ფეისბკუში დაწერა:
„მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი”.
2 დეკემბერს კობახიძესთან დებატებში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.