ირაკლი კობახიძე: საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის

1 day ago 1

პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოს საარჩევნო პროცესებში რუსეთის საგარეო ჩარევის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, მან უნდა „მიხედოს“ უკრაინას.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე - ეს არის განადგურებული უკრაინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის ლეგიტიმაციას არ სცნობენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოებადა და იმ მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეები, რომლებიც ყოველდღე იკრიბებიან პარლამენტთან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ საერთაშორისო საზოგადოებასაც.

ემანუელ მაკრონმა გუშინ, 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ ქცევა „რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა“, და, ასევე, „ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება“. ამ კონტექსტში ისაუბრა მან სომხეთზე, საქართველოსა და მოლდოვაზე:

„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“.

გუშინვე საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელ X-ში ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერა:

„ვინაიდან ემანუელ მაკრონი დემოკრატისა და თავისუფლების მებრძოლებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქვევს, ის აფასებს დემონსტრანტების და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას საქართველოში, ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩვენები შესაძლოა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი საფრანგეთის პრეზიდენტისა და ელჩის განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია, რომლიდანაც კარგი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარება იქნება.

„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში მან.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხალხმრავალი აქციები იმართება - დემონსტრანტები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ცნობენ ამ არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „საქართველოში ყველაფერი არის კარგად“, ევროპის ქვეყნებში კი პოლიტიკური კრიზისია.

სრულად წაკითხვა