„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურში იმყოფება, სადაც მან ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
კობახიძეს თან ახლავს „ქართული ოცნების“ დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. ისინი სინგაპურში 21 ივლისს ჩავიდნენ.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან
22 ივლისს, კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის „მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება“, იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის „პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების“ მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მათ ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო „საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს“.
„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში. მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები“, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში.
შეხვედრა პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამთან
22 ივლისს, ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს თარმან შანმუგარატნამს შეხვდა, სადაც ყურადღება გამახვილდა „სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე, როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე“.
საუბარი შეეხო „საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს“. კობახიძემ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა „სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“.
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. „მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს“. ამავე ინფორმაციით, კობახიძემ სინგაპურის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სხვა შეხვედრები
22 ივლისს, კობახიძე და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები სინგაპურის ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაში სინგაპურის 30-მდე მსხვილი ფინტექ კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს „სტრატეგიულ მდებარეობაზე“ და ქვეყნის „განსაკუთრებულ როლზე“ დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.
მან ასევე „ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ მეგობრულ ბიზნესგარემოს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, პროგნოზირებად საკანონმდებლო ჩარჩოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ხელსაყრელი პირობებია გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის“, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში. „ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე, ხაზი გაუსვა ფინანსური სექტორის განვითარების ტემპს და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე კარგ საფუძველს ქმნის ქვეყანაში ახალი ფინანსური სერვისების დანერგვისა და საქართველოსა და სინგაპურის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად“.
This post is also available in:

5 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·