ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა- გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მისივე გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.
ოქრუაშვილს პროკურატურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება
თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა ირაკლი ოქრუაშვილმაც და განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
„ქონება, რომელიც ჩემს საკუთრებაშია, იპოთეკით მაქვს დატვირთული და 100 000 ლარი მაქვს სესხი, 10 000 ევრო კი ბავშვების სწავლის საფასური დასაფარი.
წინააღმდეგი ვართ ორივე ღონისძიება გამოყენებული იყოს ჩემს მიმართ.
სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.