ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ 1 კვირაში შეიტანენ

7 hours ago 7

ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს 18 ოქტომბერს განუცხადა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია “ალბათ, დაახლოებით ერთ კვირაში” საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.

ერთი დღით ადრე ირაკლი კობახიძემ “1 არხს” უთხრა, რომ სარჩელში “შეიძლება იყოს 10-მდე პარტია… მცირე პარტიების ჩათვლით“ რომლებიც, კობახიძის თქმით - “სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში” იყვნენ ჩართული. სიას ჯერ არ ამხელენ.

“ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკრძალული პარტიის წევრებსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სამუდამოდ აუკრძალავენ. კანონის ახალი ჩანაწერი მათ - “შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ სათანადო პირებს” არქმევს.

ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა “თვითონ თქვეს უარი საქართველოში დემოკრატიულ კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობაზე. თვითონ აირჩიეს რევოლუციის, დამხობის, კონსტიტუციის ფეხქვეშ დამხობისა და ქვეყნის ამოტრიალების პოლიტიკა” და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რომელიმე პოლიტიკური პარტია კი არა, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, პარტიასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.
„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა „ასაკრძალი“ ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი „თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“

სრულად წაკითხვა