საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომებზე არ განიხილება - მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა პროკურორ ანი ლეკიაშვილის მოთხოვნა.
დღეს, 19 ოქტომბერს სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა - ირაკლი ღარიბაშვილისთვის ქრთამის აღების საქმეზე. მან უარი თქვა, დასწრებოდა სხდომას - „ბრალდებულის უფლებაა, დაესწროს ან უარი თქვას სხდომაზე დასწრებაზე“ - უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.
პროკურორის აცილება არ დაკმაყოფილდა
ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, იოსებ ბარათაშვილმა პროკურორ ანი ლეკიაშვილის აცილება მოითხოვა - მისი არგუმენტით, ანა ლეკიაშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორია და ამის გამო მათ მოწმედ გამოძახება სურთ. მსჯავრდებული ბურჭულაძის ჩვენება ღარიბაშვილის საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
პროკურორი ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა - მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის საქმეში ის საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა.
მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა: მისი განმარტებით, „იმის გამო, რომ ესა თუ ის პირი სხვა საქმეში ფიგურირებს, ეს ვერ გახდება მისი აცილების საფუძველი“.
სხდომები არ დაუხურება
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მას პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა მიმართა და მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილის სხდომის სრულად დახურვა.
„არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი უნდა დაიკითხოს და შესაძლოა გაჟღერდეს საიდუმლო ინფორმაცია. სწორედ ამ პირთა ვინაობისა და გაჟღერებული ინფომრაციის დასაცავად, აუცილებელია, სხდომები სრულად დაიხუროს“, - თქვა პროკურორმა.
მას „კატეგორიულად არ დაეთანხმა“ ადვოკატი ირაკლი ბარათაშვილი. მისი თქმით, ბურჭულაძის და სხვათა პროცესები ნაწილობრივ იყო დახურული იყო.
„რა საჭიროა დახურვა, როცა ყველა მტკიცებულება განასაიდუმლოა ბრალდების მხარემ?!. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაიმალოს სიმათლე: ვერც მედიამ გაიგოს და ვერც საზოგადოებამ. ეს არის ინსტრუმენტი ბრალდების ხელში შენიღბოს. მე ვმონაწილეობდი „კაბელების საქმეში“ და ის სხდომებიც კი არ დაიხურა...“ - თქვა ბარათაშვილმა და ჩამოთვლა იმ მტკიცებულებების ნომრები, რომელიც ბურჭულაძის საქმის განხილვის დროს განსაიდუმლოვდა.
ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ლალი აფციუარმა კითხვით მიმართა პროკურორს, „ღია იყო თუ არა ბურჭულაძისა და სხვათა საქმეები“:
„დღეს წარმოდგენილ საქმეში მხოლოდ რამდენიმე ფურცელი ეკუთვნის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, დანარჩენი არის ბურჭულაძისა და სხვათა საქმეებიდან - რატომ უნდა იყოს ეს დახურული, თუ ისინი ღია იყო?! წინასწარ შემიძლია ვთქვა, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გადაწყვეტილება იქნება უსამართლო“.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. მისი თქმით, „ზოგადად, ტარდება ღია სხდომები, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა პროცესი იხურება სრულად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუკი გაჟღერებული ინფორმაცია შეიძლება იყოს დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან, პერსონალურ ინფორმაციასთან და ა.შ...“ მოსამართლის განმარტებით, თუკი იქნება მსგავსი ინფომრაციის გაჟღერებაზე ეჭვი, ნაწილობრივი დახურვის შემსახებ სასამართლო იმსჯელებს მხარეების მიმართვის საფუძველზე.
ღარიბაშვილი პატიმრობაშია
- ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან პატიმრობაში იმყოფება. მან მის წინააღმდეგ წაყენებული კორუციული ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება 12 იანვარს გაფორმდა.
- საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფრომდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.
ღარიბაშვილმა ახალი ბრალის წაყენებამდე ერთი კვირით ადრე, 17 აგვისტოს საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომლითაც გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ.
- 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
- 27 აგვისტოს მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.
radiotavisupleba ახალი ამბები