WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა 17 ნოემბერს ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის რიგით 37-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. მონაწილეებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ვითარება და კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს.

რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო, გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა უეს სტრიტინგმა გახსნა. სხდომის მონაწილეებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი.

„შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ჩიქოვანი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პარტნიორობების მიმართულებით, კევინ ჰამილტონს შეხვდა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებული პრაქტიკული მექანიზმების განხორციელების პროცესსა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე“, – იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

რამშტაინის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის „უპირველესი პრიორიტეტია“, რადგან რუსეთი აგრძელებს იერიშებს „დრონების, ფრთოსანი რაკეტების და, რაც ყველაზე სახიფათოა, ბალისტიკური რაკეტების“ გამოყენებით.

მისი თქმით, „მსოფლიოს საკმარისი რაოდენობის გამანადგურებლები გააჩნია“. მან პარტნიორებს შესთავაზა, უკრაინას გადასცენ Patriot-ისა და IRIS-T-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები საკუთარი მარაგებიდან, სანაცვლოდ კი მიიღონ უფრო ახალი რაკეტები, რომლებიც უკრაინამ უკვე შეუკვეთა. „ეს არ არის საჩუქარი, ეს გაცვლაა“, – ციტირებს პრეზიდენტის პრესსამსახური მის სიტყვებს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა დამატებით 40 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი და ევროპულ ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ Mirage-ის ტიპის თვითმფრინავები, რომელთა „გამოყენებაც დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი“.

ზელენსკიმ პარტნიორებს ასევე მოუწოდა, გამოყონ ანკარის სამიტზე დაპირებული დამატებითი 8 მილიარდი ევრო და გამოიყენონ ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში არსებული, ჯერ კიდევ აუთვისებელი 21 მილიარდი ევრო უკრაინასთან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. მან დასძინა, რომ უკრაინამ პარტნიორ ქვეყნებთან უკვე გააფორმა 11 შეთანხმება დრონებთან დაკავშირებით, კიდევ 10 შეთანხმება კი მზადების პროცესშია.

მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით გადადგმული ნაბიჯები „იცავს სიცოცხლეს, ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, მოკლას, და გვაახლოებს მშვიდობასთან, რომლისკენაც ყველანი ვისწრაფვით“.

This post is also available in: English