ირანი და ბელარუსი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ

3 days ago 2

ირანი და ბელარუსი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ, ამის თაობაზე ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განუცხადა ჟურნალისტებს 20 აგვისტოს, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან მინსკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლუკაშენკა გამოეხმაურა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშს და მას უწოდა „სერიოზული საფრთხე რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანის კანონიერ უფლებას მშვიდობიანი ატომის განვითარებაზე. სიბრძნემ და შორსმჭვრეტელობამ ემოციებს უნდა აჯობოს“, - თქვა ლუკაშენკამ, წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური სააგენტო "ბელტაზე" დაყრდნობით.

ლუკაშენკამ, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, სანქციებს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენიაო, ახლა მათ "ეკონომიკური ტერორიზმი" უწოდა.

"ბელარუსი მიიჩნევს, რომ კოლექტიური დასავლეთის მიერ მინსკისა და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული უკანონო, შემზღუდავი ზომები ეკონომიკური ტერორიზმია. ჩვენი რესპუბლიკები წარმატებით ართმევენ თავს ამ აგრესიული და ფარისევლური სანქციების ომს", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მასუდ ფეზეშქიანმა თქვა, რომ ბელარუსთან ერთად შეუძლიათ შეებრძოლონ „ერთპოლუსიან მსოფლიოს“ და ლუკაშენკა ირანში მიიწვია.

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მინსკში 19 აგვისტოს, საღამოს ჩავიდა. მისი ვიზიტი უფრო ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო ირანისა და ისრაელის ურთიერთობების გამწვავების ფონზე.

სრულად წაკითხვა