WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დღეს, 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.

„მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რა თქვა ირანის ელჩმა?

ირანის ელჩი ალი მოუჯანი აანონსებს პირადად მის მიერ ჩატარებულ კვლევას ქეთევან წამებულზე. მისი თქმით, ქეთევან დედოფლის  შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

როგორც ირანის ელჩი ამბობს, „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება, წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ქეთევან დედოფალი (ქეთევან წამებული) 1624 წლის 13 სექტემბერს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს. ქეთევან დედოფლის სიკვდილით დასჯას თვალს ადევნებდნენ შირაზში მყოფი პორტუგალიელი კათოლიკე მისიონერები. მათ ღამით საიდუმლოდ ამოთხარეს დედოფლის ცხედარი და წმინდა ნაწილებად შეინახეს.

მოგვიანებით კათოლიკე მისიონერებმა წმინდა ნაწილები რამდენიმე მიმართულებით გაანაწილეს. ცხედრის ნაწილი ინდოეთში, ნაწილი ევროპაში და ნაწილი საქართველოში ჩამოასვენეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 26 სექტემბერი.

აი, რას წერს ირანის ელჩი:

“დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე.
ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება, წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, – წერს ირანის ელჩი.

რას ამბობენ საპატრიარქოში?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ ირანის ელჩის განცხადება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით უკიდურესად მიუღებელია და ამაზე საპატრიარქოს რეაქცია ექნება.

„ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას აქვს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და ამას სხვა სარჩული და საფუძველი მოუძებნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

თქვენ გაინტერესებთ, საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდება თუ არა განცხადება და მიეცემა თუ არა ამას შეფასება, ეს ძალიან ლეგიტიმური და სწორი კითხვაა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ შეფასება მისცეს ამას [საპატრიარქომ]. ეს უკიდურესად მიუღებელია“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.