საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარა მას შემდეგ, რაც მან ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით სადავო განცხადება გააკეთა. ელჩმა განაცხადა, რომ ის მალე მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს და აღნიშნა, რომ დედოფლის შესახებ დღემდე „არაერთი განსხვავებული ისტორია“ არსებობს.
განცხადებამ, რომელსაც წინ უძღოდა ელჩის მხრიდან საქართველოს ისტორიისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ მანამდე გაკეთებული სხვა სადავო განცხადებები, საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია. განცხადებას მკაცრი შეფასება მოყვა როგორც ხელისუფლების ოპონენტების, ისე მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან.
საგარეო უწყების მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ „მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს“.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, „მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე“. ხვთისიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო“.
შეხვედრისას ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ „საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“.
25 სექტემბერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ირანის ელჩმა ატვირთა ფოტო, რომელზეც ის ირანის საელჩოს ფონზეა გამოსახული, შენობის ფასადზე კი საქართველოს შუა საუკუნეების დედოფალი და მოწამე ქეთევანია გამოსახული.
მოჯანიმ აღნიშნა, რომ დედოფლის გამოსახულება მხოლოდ „ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს“. მან განაცხადა, რომ მალე მკითხველებს გაუზიარებს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც „ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს“.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მასალა „არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ“. „ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე“, – დასძინა მან.
„შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“, – განაცხადა მან.
This post is also available in:
civil ახალი ამბები