WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში მცხოვრებმა ირანელმა აქტივისტებმა ირანის 37 წლის მოქალაქის, იმან ასღარის მხარდამჭერი აქცია გამართეს პარლამენტის წინ.

იმან ასღარი ორ თვეზე მეტია, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ელოდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - გააძევებენ თუ მისცემენ საქართველოში დარჩენის უფლებას.

ის თითქმის 8 წელია საქართველოში ცხოვრობს, დარწმუნებულია, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში, მას სიკვდილით დასჯიან.

ახალგაზრდა კაცი 2026 წლის დასაწყისში, თბილისში, ირანის ისლამური საელჩოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ხშირი მონაწილე იყო.

იმან ასღარის ოჯახის წევრის თქმით, 37 წლის კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ბინადრობის საკითხზე წარმოებული საქმე უარით დასრულდა. ოჯახის წევრი ჰყვება, რომ მან გადაწყვიტა საქართველო კანონის დაცვით დაეტოვებინა და უსაფრთხო, მესამე ქვეყანაში გამგზავრებულიყო, თუმცა პასპორტის განახლებაზე ირანის საელჩომ საქართველოში უარი უთხრა.

იმან ასღარის სასამართლო სხდომა 16 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. მისი ადვოკატის თქმით, სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება.