ირანის პრეზიდენტმა უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოწოდებას აჯანყებისკენ

1 week ago 6

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა 13 აგვისტოს გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მოწოდება ირანელებისადმი - აჯანყდნენ მთავრობის წინააღმდეგ ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო.

ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გააკეთა გუშინ, მაშინ, როცა ირანი ცხელი ამინდების გამო წყლისა და ელექტროენერგიის მუდმივ დეფიციტს ებრძვის.

ეს მიმართვა გაკეთდა ასევე დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის 12-დღიანი ომიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ. ომი ისრაელმა დაიწყო უპრეცედენტო თავდასხმით ირანის სამხედრო და ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ისევე როგორც საცხოვრებელ უბნებზე.

თავის გამოსვლაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანელებს მოუწოდა, „თავისუფლებისთვის რისკი გაეწიათ“, „ქუჩებში გასულიყვნენ“ და ირანის მთავრობისგან პასუხისმგებლობა მოეთხოვათ.

მან წამოაყენა ისრაელელი წყლის ექსპერტების ჩაყვანის წინადადება, თეირანის „უახლესი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუთი“ უზრუნველყოფის მიზნით.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფეზეშქიანმა ნეთანიაჰუს უპასუხა და გააკრიტიკა ის.

„რეჟიმს, რომელმაც ღაზის მოსახლეობა წყლის და საკვების გარეშე დატოვა, ირანის ხალხისთვის სურს წყლის მიწოდება? რა მოჩვენებაა?" - წერს ფეზეშქიანი.

გაეროს სააგენტოების თანახმად, ღაზის სექტორში შიმშილობა მძვინვარებს, რაც მოჰყვა ისრაელის მიერ იქ სურსათის და წყლის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მკაცრად შეზღუდვას.

დასნეულებული და ღონემიხდილი პალესტინელი ბავშვების ფოტოებმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. ისრაელმა ბრალდებები უარყო.

2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელი დაჯგუფება ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) წინააღმდეგ პალესტინის ტერიტორიაზე ინტენსიურ და სისხლიან ომს აწარმოებს. საომარი მოქმედებები დაიწყო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რასაც 1200 ადამიანი შეეწირა, 250 კი მძევლად წაიყვანეს. ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებს ამ
წლების მანძილზე 60 ათასზე მეტი პალესტინელის სიკვდილი მოჰყვა.

მსგავსი ვიდეომიმართვები ნეთანიაჰუს ადრეც, ირანის წინააღმდეგ ივნისის ომის დროსაც გამოუქვეყნებია.

სრულად წაკითხვა