WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) 10 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო „საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“ იმოქმედებს. ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აღნიშნულ კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს.

„ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, – განაცხადა სააგენტომ.

8 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა 36 სუბიექტს, მათ შორის 27 ირანულ ავიაკომპანიას, „ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერისთვის, რომელსაც რეჟიმი იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთის გადასაზიდად იყენებს“.

OFAC-ის მიერ სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიებს შორისაა Qeshm Air, Varesh Airlines, Sepehran Airlines, Fly Kish Airlines, Taban Airlines და AVA Airlines. „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ინფორმაციით, ეს კომპანიები თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს.

„რადიო თავისუფლება“ ასევე იტყობინება, რომ სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღეს, სანქცირებულ ავიაკომპანიებს შორის ერთ-ერთმა – Sepehran Airlines-მა – თეირანიდან თბილისის მიმართულებით რეისი შეასრულა; თვითმფრინავი თბილისში 9 სექტემბერს, 11:51 საათზე დაეშვა.

„საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც“, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 10 სექტემბერს.

„საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით“, – აღნიშნა მან.

სააგენტომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველო „ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს“.

მისი თქმით, მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (Specially Designated Nationals and Blocked Persons list (“SDN List”) და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით“. შესაბამისად, „აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ადრეც შეზღუდული ჰქონდა რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება“.

სააგენტომ დასძინა, რომ საქართველო „მომავალშიც ზედმიწევნით უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვასა და გააგრძელებს აღნიშნული მექანიზმებით ხელმძღვანელობას“.

This post is also available in: English