ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაამტკიცა გეგმა შეტევის ახალი ფაზის დაწყებაზე ღაზის რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ არეალში - აცხადებს არმია. ეს სქემა, რომელსაც, გავრცელებული მოლოდინით, შემდეგ დღეებში საბოლოოდ დაამტკიცებს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მოიცავს 60 000-მდე რეზერვისტის მობილიზაციას და არმიაში ამჟამად მყოფი 20 000 სამხედროს სამსახურის გახანგრძლივებას.
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ასეთი რაოდენობით რეზერვისტთა მობილიზაციას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური შედეგები აქვს. ამ განცხადებას რამდენიმე დღით უძღოდა წინ ასიათასობით დემონსტრანტის მიერ ჩატარებული აქცია, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.
ამ განცხადების ფონია მომლაპარაკებლების ძალისხმევა ისრაელისა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის დასათანხმებლად ცეცხლის შეწყვეტაზე 22 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში.
საერთაშორისო ლიდერები და უფლებადამცველი ჯგუფები გამოდიან გაფრთხილებით, რომ შეტევის გაფართოება კიდევ უფრო გაამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს ღაზაში, რომლის მცხოვრებთა უმრავლესობაც იძულებითაა გადაადგილებული, უბნები გაჩანაგებულია და მოსახლეობა შიმშილის პირისპირაა.