პალესტინელები ქალაქ ღაზის ნაწილებს ტოვებენ მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა დაგეგმილი სახმელეთო შეტევის პირველი ეტაპი დაიწყეს.
ისრაელის ჯარები რამდენიმედღიანი ინტენსიური დაბომბვის შემდეგ გამაგრდნენ ქალაქის გარეუბანში, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიდევ ერთხელ გამოვიდა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოწოდებით, „რათა თავიდან ავიცილოთ თავდასხმის შედეგად გამოწვეული სიკვდილი და ნგრევა“.
ისრაელს სურს აჩვენოს, რომ საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, აგრძელებს მთელი ქალაქ ღაზის აღების გეგმას.
ღაზის დაკავების გეგმა დაგმო ისრაელის არაერთმა მოკავშირემ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამას „შეუძლია მხოლოდ კატასტროფა გამოიწვიოს ორივე ხალხისთვის და მთელი რეგიონი მუდმივი ომის ციკლში ჩაითრიოს“.
ღაზის დაკავების გეგმას თავად ისრაელშიც ბევრი ეწინააღმდეგება, რადგან შიშობენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული და შიმშილის კრიზისი გაუარესდება და დარჩენილი მძევლების სიცოცხლე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგება.
ისრაელი გეგმავს, რომ ამ ოპერაციისთვის 60 000 რეზერვისტი გაიწვიოს სამხედრო სამსახურში სექტემბრის დასაწყისისათვის.
როდესაც უსაფრთხოების კაბინეტმა თავდაპირველად დაამტკიცა ქალაქ ღაზის აღების გეგმა, ამბობდნენ, რომ ამას ხუთი თვე ან მეტი დასჭირდებოდა. ოთხშაბათს ნეთანიაჰუმ სამხედროებს ვადების შემცირება დაავალა.