ისრაელი გაეროს „ჰამასზე“ ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს 

2 months ago 58

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს გაზარდოს ზეწოლა „ჰამასზე“, რათა უპირობოდ და დაუყონებლივ მოხდეს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება.

მინისტრ ისრაელ კაცის თქმით, გაერო „ჰამასს“ ისე უნდა მიუდგეს, როგორც „ალ ყაიდას“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს.

ისრაელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ითხოვს, რომ გადაიდგას უმკაცრესი ნაბიჯები და დაგმობილ იქნას ისრაელის მოქალაქეებზე „ჰამასის“ სექსუალური ძალადობის ფაქტები, ამოქმედდეს სანქციები და დადგეს დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„გთხოვთ, დაგმოთ სექსუალური ძალადობის დანაშაულები, რომლებიც ამ ბარბაროსებმა მუსლიმური რელიგიის სახელით ჩაიდინეს“,- თქვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კაცი განმარტავს, რომ „”ჰამასის“ ქმედებები ტერორისტთა ქმედებებს აჭარბებს”.


ნოემბერსა და დეკემბერში გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციები „ჰამასისგან“ ყველა მძევლის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ახლა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუშაობს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც მოიცავს, როგორც 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის, ასევე მძევლების, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლისა და მათზე სექსუალურ ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების საკითხებს.

„ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს იმაზე რაც 7 ოქტომბერს მოხდა. მტკიცებულებები არის შემაძრწუნებელი. ახლა კითხვა ისაა, როგორ ვუპასუხოთ? საბოლოოდ დაგმობს თუ არა გაეროს უშიშროების საბჭო „ჰამასის“ მხრიდან სექსუალურ ძალადობას? თუ ჩვენ გავაგრძელებთ დუმილს“,- თქვა გაეროში ამერიკის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა.

7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელში 1200 ადამიანი მოკლეს და 253 ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა და მიზნად მისი სრული განადგურება დაისახა. ღაზის სექტორში მიმდინარე ომის პირობებში, “ჰამასის” კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ცნობთ 30 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული, მათ შორის ბავშვები და ქალები.

პალესტინელთა ელჩი გაეროში რიად მანსური ისრაელს პალესტინელი მოსახლეობის დევნაში ადანაშაულებს.

სრულად წაკითხვა