სამხრეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის ორი დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ოცი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ჟურნალისტი, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიაორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ისრაელმა ქალაქ ხან-იუნისის ნასერის საავადმყოფოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ორი დარტყმა განახორციელა. ნასერის საავადმყოფოს ცნობით, დაიღუპნენ ჟურნალისტები, ჯანდაცვის მუშაკები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც თავდასხმის შემდეგ ადგილზე მივიდნენ.
მათივე ცნობით, ერთ-ერთი ბომბი მოხვდა აივანს, სადაც ჟურნალისტები იყვნენ განლაგებულნი. დაღუპული ჟურნალისტები თანამშრომლობდნენ „როიტერსთან“, „ასოშიეიტედ პრესთან“ და „ალ-ჯაზირასთან.
ისრაელ-ჰამასის ომი მედიის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, 22-თვიანი ომის განმავლობაში ღაზაში, სულ მცირე, 192 ჟურნალისტი დაიღუპა. შედარებისთვის, CPJ-ის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში დღემდე დაღუპულია 18 ჟურნალისტი.