ისრაელმა დაამტკიცა დასახლების პროექტი, რომელმაც, შესაძლოა. დასავლეთის სანაპირო გაჰყოს

2 days ago 9

ისრაელმა 20 აგვისტოს დაამტკიცა კამათის საგნად ქცეული დასახლებების პროექტი ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე. ამ პროექტმა, შესაძლოა, ეს ტერიტორია ორად გაჰყოს. პალესტინელების და უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, პროექტის განხორციელება ძირს უთხრის პალესტინის სამომავლო სახელმწიფოს ფორმირების იმედს.

ახალმოსახლეთა პროექტის განვითარება E1-ში, ანუ იერუსალიმიდან აღმოსავლეთით მდებარე მიწებზე, ორ ათწლეულზე დიდხანს განიხილებოდა, თუმცა ის შეაჩერეს აშშ-ის წინა ადმინისტრაციების ზეწოლის გამო.

საერთაშორისო თანამეგობრობა დასავლეთის სანაპიროზე ისრაელის მოსახლეთა საცხოვრებლების აგებას დიდი უმრავლესობით აღიქვამს უკანონო, და მშვიდობისთვის წინაღობის შემქმნელ ნაბიჯად.

ულტრამემარჯვენე ორიენტაციის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა - რომელიც უწინ ახალმოსახლეთა ხელმძღვანელი იყო - პროექტი დაამტკიცა დასავლეთის იმ ქვეყნების პასუხად, რომლებმაც ბოლო კვირებში გამოაცხადეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმა.

"პალესტინური სახელმწიფო მაგიდიდან იშლება არა ლოზუნგებით, არამედ მოქმედებით" - თქვა მან ოთხშაბათს. "ყოველი დასახლება, ყოველი სამეზობლო, სახლების ყველა ბლოკი კიდევ ერთი ლურსმანია ამ სახიფათო იდეის კუბოზე". მინისტრის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP).

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოს დაარსების იდეას და გამოდის უვადო კონტროლის შენარჩუნების პირობით ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე, ანექსირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმზე და ომით გაჩანაგებულ ღაზის სექტორზე - ტერიტორიებზე, რომლებსაც ისრაელი 1967 წლის ომით დაეპატრონა და რომლებიც პალესტინელებს თავიანთი სახელმწიფოს ნაწილებად სურთ.

ისრაელის მიერ დასახლებების გაფართოება ნაწილია იმ მზარდად რთული ვითარებისა, რომელშიც პალესტინელები დასავლეთის სანაპიროზე არიან - იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ღაზაში მიმდინარე ომია.

სააგენტოს ცნობით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო გახშირდა ახალმოსახლეთა მხრიდან პალესტინელებზე თავდასხმები, ქალაქებიდან პალესტინელთა განდევნის შემთხვევები, ისრაელის სამხედრო ოპერაციები და გამშვები პუნქტები, რომლებიც ახშობს გადაადგილების თავისუფლებას, ასევე იყო პალესტინელთა მხრიდან ისრაელელებზე თავდასხმის შემთხვევებიც.

დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ამჟამად 700 000-ზე მეტი ისრაელელი ცხოვრობს.

E1-ის მდებარეობა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ერთ-ერთ ბოლო გეოგრაფიულ კავშირს დასავლეთის სანაპიროს მნიშვნელოვან ქალაქებს - ჩრდილოეთში რამალას და სამხრეთში ბეთლემს შორის.

ამ ორ ქალაქს ერთმანეთისგან 22 კილომეტრი აშორებს, მაგრამ მათ შორის მოგზაურ პალესტინელებს ბევრად გრძელი შემოვლითი გზის და ისრაელის გამშვები პუნქტების გავლა უწევთ, რაც საათობით გრძელდება. იმედოვნებდნენ, რომ როცა საბოლოოდ პალესტინის სახელმწიფო შეიქმნებოდა, ეს რეგიონი ამ ქალაქებს პირდაპირ დააკავშირებდა ერთმანეთთან.

სრულად წაკითხვა