ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა ყველა, რომ თუ გასულ კვირაში ლიბანში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა ჩაიშლება, მისი არმია გააფართოებს საკუთრივ ლიბანის სახელმწიფოზე თავდასხმას.
ისრაელ კაცმა ეს განაცხადა მას მერე, რაც წინა დღით ისრაელმა რამდენჯერმე დაარტყა ლიბანს, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ისრაელის ყველაზე ძლიერი დარტყმა ლიბანზე ჰეზბოლასთან გასულ კვირაში ზავის დადების შემდეგ.
მანამდე ჰეზბოლამ ჭურვები დაუშინა ისრაელის არმიას, თავისი განცხადებით, გაფრთხილების მიზნით, რომ ისრაელი არღვევს ზავს. ეს იყო ჰეზბოლას პირველი ცეცხლი ისრაელის ჯარის წინააღმდეგ მას მერე, რაც გასულ კვირაში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის.
არამყარი ზავის მიზანია უკვე ერთწლიანი დაპირისპირების დასრულება ჰეზბოლასა და ისრაელს შორის, რომელიც გაჩაღდა ღაზაში ისრაელის არმიის მიერ დაწყებული ომის ფონზე.
ჰეზბოლა აშშ-ის მიერ ტერორისტულ ჯგუფადაა მიჩნეული, მისი სამხედრო ფრთა ევროკავშირშიც ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხეს. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წევრები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
ისრაელმა საომარი მოქმედება პალესტინელთა ტერიტორიაზე - ღაზის სექტორში დაიწყო მას მერე, რაც ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) თავდასხმა მოაწყო ისრაელის სამხრეთში, საზღვრისპირა არეალში, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა და რომლის დროსაც 250 პირი გაიტაცეს. ისრაელის საპასუხო საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების დროს წლის განმავლობაში დაიღუპა 44 ათასზე მეტი პალესტინელი. ეს მონაცემები ეკუთვნის პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის უწყებას, რომელიც არ აზუსტებს, თუ რამდენი მათგანია მეომარი. ისრაელის მტკიცებით, მან მოკლა 17 ათასი მებრძოლი, თუმცა დასტური არ მოჰყავს.
ღაზაში ომის შედეგად განადგურდა ანკლავის უზარმაზარი ტერიტორიები, 2,3 მილიონიანი მოსახლეობის 90 პროცენტი იძულებული იყო არაერთხელ დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები.
აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელში ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და თქვა, რომ თუ მათ არ გამოუშვებდნენ მის მიერ თანამდებობის დაკავებამდე, მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ.